ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს - ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანებაზე
უკრაინის მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინამორბედი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის მოკავშირეებისთვის ყველაზე „იაფი" ვარიანტია და ეს ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გეოპოლიტიკურად გააძლიერებს.
"ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რაც უკრაინას შეუძლია მიიღოს, ყველაზე იაფი ყველასთვის. ეს იქნება სიგნალი, რომ ის, თუ ვინ უნდა იყოს ნატო-ში და ვინ არა არა რუსეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ეს ტრამპის დიდი გამარჯვება იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინის 800 000-კაციანი არმია ალიანსისთვის ბონუსი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეეცდება საზღვარგარეთ დისლოცირებული ამერიკელი ჯარების სახლში დაბრუნებას.
უსაფრთხოების გარანტიის სხვა წინადადებები უნდა იყოს გამყარებული აშშ-დან და ევროპიდან საკმარისი შეიარაღებით და კიევის მხარდაჭერით.