თეგებით ძიება
05. 02. 2025 ბიზნესი

ვის ეკუთვნის 10 უმსხვილესი კომპანია, რომელსაც ქართული პროდუქცია ევროკავშირში გააქვს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წელს ბრუნვის მოცულობა 4.53 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 5.16 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრუნვის ზრდა იმპორტის ხარჯზე მოხდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 3.83 მლრდ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2024 წელს კი 4.590 მლრდ დოლარის.

რაც შეეხება ქართული პროდუქციის იმპორტს, 2023 წლის 609.3 მლნ დოლარიდან 2024 წელს 477.1 მლნ დოლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებლები 2024 წლის მონაცემებზე ნაკლები 2014 წელს იყო და 407.6 მლნ დოლარს შეადგენდა.

ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელიც კომპანიები ახორციელებენ ევროკავშირში ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქციის ექსპორტს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უმსხვილესი ექსპორტიორების ათეული ასე გამოყურება:

შპს „ატლანტიკ საქართველო“ 2017 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორია საფრანგეთის მოქალაქე ლორენ რემი კოტინი. წილებს კი სრულად ღია შეზღუდული საზოგადოება „ატლანტიკ თერმული განვითარების ფრანგული კომპანია“ ფლობს.

შპს „მნ გრუპი-2021“-ის დირექტორი გურამ თალაკვაძეა. კომპანია 2021 წელს არის რეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, თალაკვაძე წილების 83%-ს ფლობს, 17%-ის მფლობელი კი გიორგი თურქაძეა.

შპს „პალატი 2022“ – 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორია ტარიელ ცუცქირიძე. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, წილების ნახევარს შპს „ინვესტ გრუპი“ ფლობს, ხოლო მეორე ნახევარს ინდონეზიაში დაფუძებული შპს PT BAHAN KONSTRUKSI INTERNASIONAL.

შპს „რუსთავის ფოლადი“ რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ისრაელის მოქალაქე იგორ კორიტკოა, წილებს კი სრულად ნიდერლანდებში დაფუძნებული შპს „ტოლანიუს ბიჰეერ ბი.ვი.“ ფლობს.

შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ რეესტრში 2014 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი დავით ბარდაველიძეა, წილებს კი სრულად მერი ბარდაველიძე ფლობს.

სს RMG Copper 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნის მოპოვება-დამუშავება განეკუთვნება. Reportal.ge-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, სააქციო საზოგადოების მშობელი კომპანია მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული Magenta Investments Limited-ია. ამავე დოკუმენტების თანახმად, კომპანიაზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე დიმიტრი ტროიცკია.

სს „რუსთავის აზოტი“ 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზოტის სასუქების და ოქროს გამოტუტვის პროდუქციის წარმოებაა. Reportal.ge-ის მონაცემების თანახმად, კომპანიის აქციების 100%-ს სააქციო საზოგადოება EU Investments-ს ფლობს, საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი ეფრემ ურუმაშვილია.

შპს Caucasian Metals Terminal რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი არის გოჩა კურდღელია. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კურდღელია კომპანიის აქციების 15%-ს ფლობს (მის წილებს ზვიადი ხურცილავა განკარგავს), ხოლო 85%-ის მფლობელი კვიპროსი დაარსებული კომპანია „სი.აი.აი. ქლეი ინდასტრის ინტერნეშენალ ლიმიტედია“.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიის წილებს ლუქსემბურგში დაარსებული შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“ ფლობს. კომპანიის სპეციალური მმართველი ბესიკი კირთაძეა, დირექტორი კი ლავრენტი თუთბერიძე.

„აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“ სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. „ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. შედეგად, აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა