ციტრუსის ამოწურვის შემდეგ რუსებმა აფხაზეთიდან მიმოზის გატანა დაიწყეს
აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის ექსპორტის სეზონი დაიწყო, რომელსაც „ოქროს თაიგულს” უწოდებენ.
ინფორმაციას რუსეთის საბაჟო სამსახურის სამხრეთ ფედერალური სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, რუსეთთან დე ფაქტო საზღვარზე ყვავილის პირველი დეკლარაციები იანვრის ბოლოს იქნა წარდგენილი, რომლებიც, თითქმის, 600 კგ მიმოზის, იგივე, ვერცხლის აკაციის მიწოდებას ეხებოდა. ყვავილის ტვირთი საბაჟო კონტროლს პრიორიტეტული წესით უმოკლეს დროში გადის.
მყიფე ყვავილს კომერციული ფორმის შენარჩუნებისთვის ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები სჭირდება. კერძოდ, მიმოზა ყუთებში ჰერმეტულად იფუთება და დაბალი ტემპერატურის პირობებში ტრანსპორტირდება.
მიმოზის ძირითადი მიწოდება კი თებერვლის ბოლოდან დაიწყება და მარტის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება.
გასულ წელს აფხაზეთიდან რუსეთში 240 ტონა „ოქროს თაიგული” გაიტანეს, რაც 2023 წლის მოცულობის ანალოგიურია.
აფხაზეთი რუსეთისთვის მიმოზის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. რეგიონში თბილი ამინდების გამო ყვავილების სეზონი, ბოლო 2 წლის მსგავსად, თებერვლიდან დაიწყო, მაშინ, როცა მანამდე ყვავილების ექსპორტი თვის შუა რიცხვებიდან იწყებოდა.
მიმოზა, ძირითადად, რუსეთის ცენტრალურ რეგიონს მიეწოდება. ყვავილი რუსეთში როგორც კომერციული რაოდენობით, ასევე, პატარა თაიგულებით პირადი მოხმარებისთვის შედის.
bpn.ge