გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს სასამართლომ გირაო შეუფარდა
„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს საპატიმრო გირაო სხვადასხვა ოდენობით შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
ბრალდებულების ნაწილს 3 500, ნაწილს კი 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ისინი საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა.
გირაო შეეფარდათ:
გიგი უგულავას;
ირაკლი წიგნაძეს;
ირაკლი ტაბატაძეს;
ნიკოლოზ კუტუბიძეს;
ვასილ ელიავას;
ნიკოლოზ ქუმსიშვილს;
ალექსანდრე გოგოლაძეს;
დიმიტრი ბიძინაშვილს.
ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.