ჩინეთის ზოოპარკში, ვეფხვის „სამკურნალო“ შარდს ყიდიან
ჩინეთის ზოოპარკმა ციმბირის ვეფხვის შარდის გაყიდვა დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციის მტკიცებით, რევმატიზმსა და კუნთების ტკივილს ებრძვის. ამის შესახებ Republic World წერს.
ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე ზოოპარკში ვეფხვის „სამკურნალო“ შარდი ბოთლებში იყიდება. ზოოპარკი ვიზიტორებს 250-გრამიან ბოთლებში ჩასხმულ შარდს 50 იუანად სთავაზობს. ბოთლის ეტიკეტზე წერია, რომ შარდი მკურნალობს რევმატოიდულ ართრიტს და კუნთების ტკივილს.
ზოოპარკი ავადმყოფებს ვეფხვის შარდის თეთრ ღვინოსთან შერევას და დაზიანებულ ადგილზე წასმას ურჩევს. დასაშვებია შარდის დალევაც.
ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ვეფხვის შარდს ვოლიერებში აგროვებენ, თუმცა, გაურკვეველია, ხდება თუ არა მისი გაფილტვრა ან დამუშავება გაყიდვამდე. ზოოპარკი აცხადებს, რომ ვეფხვის შარდის გაყიდვის ლიცენზია აქვს, მაგრამ გაურკვეველია, იძლევა თუ არა ეს ლიცენზია მედიკამენტების გაყიდვის უფლებას.
ტრადიციული მედიცინის ექსპერტები ზოოპარკს საეჭვო სამკურნალო საშუალებების პროპაგანდის გამო აკრიტიკებენ. მათი თქმით, ვეფხვის შარდს საერთო არაფერი აქვს ტრადიციულ ჩინურ მედიცინასთან. გარდა ამისა, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ მას ჯანმრთელობისთვის რაიმე სარგებელი მოაქვს.