მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ადვოკატების შუამდგომლობა, მოსამართლემ დაუშვებლად ცნო
მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას განცხადებით, ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
"არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.
ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს.
სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ", - წერს საია.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
14 იანვარს ბათუმის რაიონულმა სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი უკვე 34-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად კლინიკა "ვივამედში" იმყოფება.