თეგებით ძიება

ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა.. ჩვენ ვერ შევცვლით ამას, უნდა მივიღოთ და გავუმკლავდეთ - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

უსაფრთხოების ხარჯები უნდა გაიზარდოს და ბუნდესვერის ძალები გაძლიერდეს არა ომის საწარმოებლად, არამედ ომის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შტაინმაიერის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს.

„რაც ცხადია, არის ის, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩამოყალიბებულ წესებს, ჩამოყალიბებულ პარტნიორობასა და ნდობას. ჩვენ ვერ შევცვლით ამას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს და გავუმკლავდეთ ამას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში არ არის, რომ ეს მსოფლმხედველობა ერთადერთ დომინანტურ პარადიგმად იქცეს. წესების არარსებობა არ უნდა გახდეს მსოფლიოს რეორგანიზების მოდელი“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი და განაცხადა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე, ასევე მის კულუარებში დისკუსიების ცენტრში იქნება ომის დასრულების შესაძლო გზების ძიება.

„ომის დასრულებას, რომლის იმედიც ჩვენ, ყველას გვაქვს და იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, გრძელვადიანი გავლენა ექნება ჩვენი უსაფრთხოების წესრიგზე, ასევე მსოფლიოში აშშ-ისა და ევროპის გავლენაზე. მჯერა, რომ უბრალოდ გარიგების მიღწევა და მიტოვება ყველას დაგვასუსტებს – როგორც ევროპას და უკრაინას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველა სცენარი, იქნება ის ბრძოლის დასრულებამდე თუ ამის შემდეგ, საჭიროებს ჩვენს ერთობლივ ძალას და შეკავებას. სწორედ ამიტომ, ყველა სცენარში უნდა გაგრძელდეს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, კერძოდ, ევროპისა და აშშ-ის მხრიდან“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იმართება გადამწყვეტ მომენტში გერმანიისთვის, სადაც მომავალი კვირის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

„ევროპა გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენს პოლიტიკაში და ასე გაგრძელდება. რა შემადგენლობისაც არ უნდა იყოს, მომავალმა ფედერალურმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა ევროპის ერთიანობის პატივისცემითა და მხარდაჭერით“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია, რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა 15%-იანი მხარდაჭერა აქვს და მესამე ადგილს იკავებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსისა და ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა