თეგებით ძიება

რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67%-ს შეადგენს.

აუდიტის თანახმად, 2022-2023 წლებში, რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის ჯამში 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის“ საქართველოს კანონის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. 2022-2023 წლებში, სულ განხორციელებული 1,875 კონტროლის ღონისძიებიდან, 98%-ის (1,747) შემთხვევაში გამოვლინდა რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი და ჯამში გამოიწერა 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმა", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი წერს, რომ რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეზღუდული რესურსის გამო ვერ ხორციელდება ყველა სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების შემოწმება, ელექტრონული რეცეპტების ფარგლებში. ამასთანავე, არ არის შემუშავებული და დანერგილი ის მექანიზმები, თუ რა ფორმით და როგორ მოხდება EHR სისტემის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების/ სამედიცინო პერსონალის შემოწმება ვადების დაცვის კონტროლის ან ინფორმაციის შეყვანის სისრულეზე, ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაბალია როგორც პროფესიულად აქტიური სამედიცინო პერსონალის, ისე სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებების ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერებისა და რეცეპტების სისტემებში ჩართულობის მაჩვენებელი; ასევე არასრულია ელექტრონულ სისტემებში არსებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული ბენეფიციარების შემთხვევების რაოდენობის 50% არ არის ასახული EHR სისტემაში. შედეგად, არ არის მიღწეული ელექტრონული სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით დასახული მთავარი მიზანი, როგორიცაა, პაციენტის შესახებ არსებული ინფორმაციის სამედიცინო პერსონალისათვის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, EHR სისტემაში არ არის ჩართული პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი (ოჯახის ექიმი/სოფლის ექიმი), ვისთვისაც მნიშვნელოვანია პაციენტზე ეფექტიანი ზრუნვის მიზნით სრულ ინფორმაციაზე წვდომა.

ასევე აღსანიშნავია, რომ EHR სისტემის შექმნის დღიდან 2023 წლის მდგომარეობით, ზედამხედველობის ღონისძიებები არ განხორციელებულა, შედეგად, არათანმიმდევრული და არაეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმები იწვევენ ელექტრონულ სისტემებში არსებული ინფორმაციის სისრულის რისკს.

რეკომენდაციები სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს:

ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ჩართული მომხმარებლებისათვის მუდმივად განახლებად და სრულ მონაცემებზე წვდომის მიზნით შემუშავდეს ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც გაზდის ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობას, რითაც გააუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციის დროულად და სრულად ასახვის მაჩვენებელს.

რეკომენდაცია რეგულირების სააგენტოს:

ელექტრონული რეცეპტის სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, შემუშავდეს ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც შეამცირებს რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შესაძლებლობას.

ინფორმაციისთვის: 2016 წლიდან დაიწყო ელექტრონული რეცეპტების (E-prescription) დანერგვა, ხოლო 2019 წლიდან − ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემისა (EHR). ამჟამად, ყველა სტაციონარული/ამბულატორიული დაწესებულება ვალდებულია პაციენტის ვიზიტის სამედიცინო შემთხვევის შესახებ ასახოს ინფორმაცია სისტემაში და ასევე ყველა დანიშნული, რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტი გამოწეროს ელექტრონული რეცეპტით. თავის მხრივ, ყველა აფთიაქი ვალდებულია ამ უკანასნელი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა