"საქართველოში UFC-ის შოუს ჩატარება ბევრ ნიუანსთანაა დაკავშირებული” - მერაბ დვალიშვილი
შერეული საბრძოლო ხელოვნების გიგანტ UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონის არსებობის გამო, შოუს საქართველოში ორგანიზების საკითხი აქტიურად განიხილება.
UFC-ში სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შოუს გამართვისთვის საუკეთესო დროის არსებობის მიუხედავად, მისი ორგანიზება ბევრ ნიუანსთან არის დაკავშირებული, რაც სირთულეებს წარმოქმნის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“UFC-ის ხელმძღვანელების გარდა, ჩვენს ქვეყანაში შოუს ჩატარებით გულშემატკივრებიც არიან დაინტერესებულები, თუმცა ბევრი ნიუანსია, რაც სირთულეებს წარმოქმნის. წინასწარ უნდა ითქვას, რომ UFC საქართველოში Fight of the Night სტილის ღონისძიების ჩატარებას აპირებს, რაც ავტომატურად გამორიცხავს ჩემი და ილიას [თოფურიას] საქართველოში ბრძოლის შესაძლებლობას, რადგან ამ ტიპის შოუზე სატიტულო ორთაბრძოლები არ იმართება. ასეთ დაპირისპირებებს ძირითადად Pay Per View ტიპის ღონისძიებებზე ვხვდებით, რომელიც აშშ-ს ფარგლებს მიღმა მხოლოდ ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულა და ორგანიზაცია ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის შოუს ორგანიზატორად საქართველოს არ განიხილავს. ამ მცირე მასშტაბის ღონისძიებასაც სახელმწიფოს მხრიდან მზაობა, UFC-ის პირობების შესრულება და ბევრი სხვა ნიუანსის მოგვარება ესაჭიროება. ამაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს, იგივე ჩემი მეგობარი ბიზნესმენები, რომლებიც მუდმივად კონტაქტზე არიან დანა უაითთან, გიგა ჭიკაძე, რომელიც ასევე წლებია მუშაობს ამ საკითხზე და ბევრი ნიუანსია, რომლის მოგვარებაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება”, - აცხადებს მერაბ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ UFC 298-ზე ილია თოფურია ბუმბულის წონის, ხოლო UFC 306-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონები გახდნენ და მას შემდეგ ქამარი ორივემ თითოჯერ დაიცვა, რამაც საქართველოში შოუს ორგანიზების ადეკვატური ამბიცია გააჩინა.