"ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში, რუსეთმა უნდა შეაჩეროს აგრესია“ - მაკრონი ტრამპსა და ზელენსკის ესაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ, ის ესაუბრა უკრაინელ და ამერიკელ ლიდერებს. მანამდე ზელენსკიმ მაკრონთან საუბრის შესახებ განაცხადა.
„რამდენიმე ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ველაპარაკე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ჩვენ მზად ვართ უკრაინაში ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ამისთვის რუსეთმა უნდა შეაჩეროს აგრესია და ამას თან უნდა ახლდეს უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და საიმედო გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ისევე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები“, - წერს მაკრონი.
მისი თქმით, ევროპელებმა მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.
„ამისთვის ევროპელებს სურთ დააჩქარონ საკუთარი პროგრამის განხორციელება სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მუშაობა გაგრძელდება ევროკომისიის წინადადებებზე დაყრდნობით, როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე ჩვენს თავდაცვაში განვითარებასა და ინვესტირებაში. “, - დასძინა მაკრონმა.