თეგებით ძიება

რა უპირატესობა აქვს მეუღლეებს შორის ქორწინების ხელშეკრულების არსებობას? - იურისტის რჩევები

სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

- მამა გარდაცვლილია და რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა ბებიაჩემიც, რომელიც სოფელში ცხოვრობდა და ჰქონდა სახლი, ცოტა მოშორებით კი მიწა. ახლა გავარკვიე, რომ მიწის ნაკვეთი თურმე არ იყო მის სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული. მე ვარ მისი მემკვიდრე, საბუთები მაქვს შეტანილი იუსტიციაში, მაგრამ უშედეგოდ ველოდები პასუხს, ამბობენ, რომ დამატებით დოკუმენტებს ეძებენ. როგორ შემიძლია ეს ქონება ჩემს სახელზე დავარეგისტრირო?

- თუ რეგისტრაციის კანონით დადგენილი საფუძველი ანუ შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს, მოკვლევის შემდეგ ქონება თქვენი ანუ მისი კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე უნდა დარეგისტრირდეს, ამისთვის აუცილებელია საჯარო რეესტრში სამკვიდრო მოწმობის წარდგენა. როგორც ჩანს, ეს თქვენ გაკეთებული გაქვთ, რა დოკუმენტებია თქვენს ხელთ, ეს უნდა ინახოს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, გარემოებებია დასაზუსტებელი, გააჩნია, რომელი წლიდან ფლობდა ბებია ქონებას, ინახება თუ არა არქივში რაიმე სახის საბუთები. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია იურისტთან.

- ოჯახის წევრი, ბაბუა, გარდაიცვალა და შეგვიჩერდა სოციალური დახმარება. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- საარსებო შემწეობის მიღება, შეჩერება ან შეცვლა დამოკიდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებაზე (დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება და სხვ.); ასევე როცა ხდება ოჯახის წევრისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება ან დაკარგვა; ან როცა ხდება დასაქმება და ჩნდება ლეგალური შემოსავალი; დახმარების გაცემა შეიძლება შეჩერდეს იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე; ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი; ან ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ან თუ შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა; ოჯახს დაემატა სრულწლოვანი წევრი; ოჯახში ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი. ასეთ შემთხვევებში ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას. თუ ოჯახი მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, მას შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება. აქვე გეტყვით, ხელახალი გადამოწმება შემწეობის მისაღებად რომ მოითხოვოთ ბოლო შემოწმებიდან ერთი წელი უნდა იყოს გასული. ხელახალი გადამოწმების დროს გამოიყენება პირველადი შემოწმების წესები, პროცედურები და ვადები. ოჯახის ხელახლა გადამოწმებაზე უარის ან ხელახლა გადამოწმების დროს მინიჭებულ ქულაზე კვლავ არ დათანხმების შემთხვევაში, ოჯახს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამჯერად ცენტრალურ ოფისში. ადმინისტრაციული ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება კი ასევე შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოშიც.

- მაინტერესებს, რა დოკუმენტები უნდა წარვადგინოთ მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის შესახებ იურიდიული ფაქტის დასადგენად?

- ამ შემთხვევაში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოთ მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და მისი ქსეროასლი; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დადასტურების შესახებ. თუ განმცხადებელი ასეთ ცნობას ვერ წარადგენს, მაშინ მას შეუძლია წარადგინოს ქონების მართვის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა ამ ქონებაზე კომუნალური და სხვა სახის გადასახადის გადახდის ქვითრები და ა.შ. მათი არარსებობის შემთხვევაში, მარტო მოწმეებითაც შეიძლება დადგინდეს ქონების ფაქტობრივი ფლობა ან მართვა, პირადობის მოწმობის ასლი, მამკვიდრებელთან არსებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვ.), სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ. აქვე განგიმარტავთ, რომ არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე ანუ მემკვიდრეებზე გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან. ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა), აგრეთვე, იურიდიული პირები. გარდაცვლილის ქონება ანუ სამკვიდრო პირველი რიგის მემკვიდრეთა შორის ნაწილდება თანაბრად. ამ დროს მემკვიდრეთა უფლებებს შორის არ არსებობს განსხვავება სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით. მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს გაყოფაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.

- ავარიის შედეგად დაშავდა ქალი, ამ ფაქტის შემდეგ მას დაშორდა მეუღლე. ქალს არავინ ჰყავს, ვინც შეიძლება არჩინოს. არის თუ არა ვალდებული მამაკაცი, რომ მას მატერიალურად დაეხმაროს?

- დიახ, მეუღლეებს ურთიერთრჩენის მოვალეობა აკისრიათ. მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. თუ ქმარი ამას არ აკეთებს, შეუძლია მხარეს მიმართოს ამ მოთხოვნით სასამართლოს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიღებაზე მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს, ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში. თუ ისინი ოფიციალურად განქორწინებული არიან, ამ შემთხვევაშიც შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც მეუღლის დახმარება სჭირდება, ინარჩუნებს სარჩოს მიღების უფლებას.

- 5 წლის წინ გავასესხე ფული, ნოტარიუსთან გავაფორმეთ ორწლიანი სესხის ხელშეკრულება, ამ ვადაში ვერ დამიბრუნა მან ფული და კიდევ გავაგრძელეთ ხელშეკრულება. ახლა ფულს არ მიბრუნებს. იურისტმა მითხრა, რომ გამიჭირდება თანხის დაბრუნება, რადგან ეს არ იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი. ეს რას ნიშნავს და რა განსხვავებაა ამ ხელშეკრულებებს შორის?

- სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე რაოდენობის თანხა. ვალდებულების შეუსრულებლობისას ანუ თუკი მსესხებელი თანხას ვერ დააბრუნებს, გამსესხებელი სასამართლოს გადაწყვეტილების ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კუთვნილი ფულის მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელს საკუთრებაში ექნება რაიმე სახის ქონება. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების დროს კი ვალდებულების შესრულების ანუ ნასესხები თანხის დაბრუნების გარანტიად უძრავი ქონება გამოიყენება - ანუ თუკი მსესხებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ დააბრუნებს ნასესხებ ფულს, გამსესხებელს (იპოთეკარს) უფლება აქვს მოითხოვოს ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით. ამიტომ მოქალაქეებს ვურჩევთ ყოველთვის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გასცენ, ასე უფრო მეტად იქნებით დაცული. მნიშვნელოვანია, ირიცხება თუ არა იმ პირის სახელზე რაიმე ქონება, თუ ირიცხება, მაშინ შეგიძლიათ ყადაღა დაადოთ ქონებას. თუ არ ირიცხება რაიმე ქონება მის სახელზე, მართლაც რთული იქნება თქვენი ფულის დაბრუნება.

- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდე და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს; ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება წყვილის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო კონტრაქტი აზღვევს ყველა იმ სამართლებრივი დავის პროვოცირებას, რომელიც განქორწინების შემთხვევაში შესაძლოა მეუღლეებს ჰქონდეთ და ქონებასთან მიმართებით გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს. საქორწინო ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქონებასთან მიმართებით. ამით არ ხდება ბავშვებთან ურთიერთობების რეგულირება.

თუ წყვილი იღებს განქორწინების გადაწყვეტილებას, საქორწინო კონტრაქტი იწყებს მოქმედებას. სასამართლო პროცესებზე მეუღლეებს აქვთ ხოლმე ხშირად კამათი, ვინ უფრო მეტი დახარჯა გარკვეული ქონების შეძენის დროს. კანონის მიხედვით, როცა წყვილი დავობს ამ საკითხზე, ყურადღება არ ექცევა იმას, ვინ უფრო შემოიტანა ოჯახში, რადგან ქორწინების შემდეგ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანაბარი საკუთრების უფლება - ანუ ასეთ დროს ქონება იყოფა შუაზე, ხოლო თუ არსებობს საქორწინო კონტრაქტი, მაშინ იქ აღწერილი პირობების შესაბამისად მოხდება ამ პრობლემის მოგვარება. საქორწინო კონტრაქტის პირობები დამოკიდებულია მხარეების ნება-სურვილზე. როგორც წესი, საქორწინო ხელშეკრულების დადება ხდება ნოტარიუსის მეშვეობით, სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილია. როცა არ არსებობს ასეთი ხელშეკრულება, მაშინ როგორც უკვე აღვნიშნე, კანონით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება. კანონის თანახმად, ქორწინების შემდეგ შეძენილი მოძრავი თუ უძრავი ქონება არის თანასაკუთრების უფლების მქონე და იყოფა თანაბრად, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ამისთვის აუცილებელია კონკრეტული ქონება, რომელიც თანაცხოვრების დროს შეიძინა წყვილმა, უნდა იყოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ერთ-ერთი მხარის სახელზე, ხოლო მოძრავი ქონება იმ დაწესებულებაში, რომელიც ახდენს მოძრავი ქონების რეგისტრაციას.

როცა სასამართლოში მიდის ასეთი დავა და ყოფილი მეუღლეები დავობენ უძრავ ქონებაზე, დავას სჭირდება სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა. თუ თქვენ ეს კონკრეტული გარემოება განქორწინების დროს გაფერხებთ, შეგიძლიათ შუამდგომლობით მიმართოთ სასამართლოს და თუ თქვენი სოციალური მდგომარეობა არ გაძლევთ ბაჟის გადახდის შესაძლებლობას, შეგიძლიათ მოითხოვოთ ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება ან ბაჟის გადახდის გადავადება. არსებობს მსგავსი პრეცედენტებიც, თუკი სასამართლო დაინახავს თქვენს მძიმე სოციალურ მდგომარეობას, ამის შესაძლებლობას სასამართლო მოგცემთ.

ასევე ყოფილ მეუღლეებს ქონებაზე დავა შეუძლიათ რეგისტრირებული განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში - ანუ თუ თქვენ ოფიციალურად დაარეგისტრირეთ განქორწინება, ამის შემდეგ გაქვთ შესაძლებლობა სამი წლის განმავლობაში შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და იქ იდავოთ ქონების გაყოფაზე. მაგრამ თუკი სამწლიანი ვადა გავიდა, ამ ვადის შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ ამ ქონების მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა