თეგებით ძიება

როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ და რა უნდა იცოდეთ, სანამ სასამართლოს მიმართავთ? - იურიდიული რჩევები ოთარ კაჭკაჭაშვილისგან

რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს, განქორწინების  შემთხვევაში, ქონების განაწილების საკითხი შეუძლიათ საქორწინო ხელშეკრულებაშივე გაითვალისწინონ. თუმცა ქართულ რეალობაში წყვილები ასეთ ხელშეკრულებას იშვიათად აფორმებენ. შესაბამისად, განქორწინების შემდეგ მათ ქონებრივი დავის წარმოება სასასამრთლოში უწევთ. 

რას მოიაზრებს მეუღლეთა თანასაკუთრება, რითი განსხვავდება იგი ინდივიდუალური საკუთრებისგან და რა უნდა გავითვალისწინოთ, ვიდრე ქონების გაყოფის მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ? ამ საკითხებზე საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი გვესაუბრება:

- ბატონო ოთარ, პირველ რიგში, რომ განგვიმარტოთ, საერთოდ რას მოიაზრებს მეუღლეთა თანასაკუთრება? 

- მეუღლეთა თანასაკუთრების არსი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც მეუღლეთა თანასაკუთრება არის მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება.

- ქორწინებაში ფაქტობრივი თანაცხოვრებაც მოიაზრება?

- ცხადია, არა. მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს და მათ შორის, ასევე თანასაკუთრებას, მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს.

- თანასაკუთრება მაშინაც წარმოიშობა, როცა ერთ-ერთ მეუღლეს დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს?

- იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ მეუღლეს შესაძლოა საკუთარი შემოსავალი არ ჰქონდეს ან საოჯახო საქმიანობას ეწეოდეს ან უვლიდეს არასრულწლოვნებს ან რაიმე სხვა საპატიო მიზეზი ჰქონდეს - ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრება მაინც წარმოიშობა.

თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე კი, მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები და ამ ქონებას ისინი ურთიერთშეთანხმებით ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენ. 

- მეუღლეთა თანასაკუთრება რითი განსხვავდება ინდივიდუალური საკუთრებისგან? 

მაგალითად, თითოეული მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა ისეთი ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე, ასევე, ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში რომელიმე მეუღლემ მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

გარდა ამისა, ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

- თუკი რომელიმე მეუღლე მუსიკოსია, ექიმია ან მსგავსი სპეციფიკის მქონე პროფესია აქვს, ასეთ შემთხვევაში, როგორ ნაწილდება ასეთი პროფესიული ნივთები?

- პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები, მაგალითად, იქნება ეს მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა თუ სხვა, თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, მაინც გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

- რა გზით იყოფა მეუღლეთა თანასაკუთრება? აუცილებელია სასამართლოსთვის მიმართვა?

- სასამართლოსთვის მიმართვა აუცილებელი არ არის, თუკი მეუღლეთა შორის მიღწეული იქნება შეთანხმება, ანუ, პირველ ეტაპზე, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით,  ხოლო, თუკი ასეთი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ.

სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში კი, უშუალოდ სასამართლო განსაზღვრავს, რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. 

- ვიდრე სასამართლოს მივმართავთ ქონების გაყოფის მოთხოვნით, რა უნდა გავითვალისწინოთ?

- პირველ ეტაპზე, უმჯობესი იქნება კონსულტაცია გაიაროთ ადვოკატთან და მიიღოთ სამართლებრივი რჩევები მისგან, რათა მაქსიმალურად დაცული და ინფორმირებული იყოთ, თუ როგორ უნდა წარმართოთ მთელი ეს პროცესი. ადვოკატთან საკითხის დეტალურად განხილვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ის რისკები და მოსალოდნელი ზიანი, რომელიც შესაძლოა არაინფორმირებულობამ გამოიწვიოს.  

ესაუბრა: ნათია ვასაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა