ალუმინის იმპორტი, 13 ბანკი, 73 ტანკერი, 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი - რას ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტი
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას სააგენტო France-Presse დიპლომატიურ, ხოლო Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კიდევ ერთი სააგენტოს, Reuters-ის წყაროები განმარტავენ, რომ წევრი ქვეყნები, სხვა საკითხებთან ერთად, პირველადი ალუმინის იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. ამის გარდა, შეზღუდვები დაუწესდება 13 ბანკს და 73 გემს, რომლებიც ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია. ასევე, შეზღუდვები ახალ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებზე დაწესდება, რომლებიც, ევროკავშირის აზრით, რუსეთს სამხედრო ოპერაციების გაგრძელებაში ეხმარებიან.
ახალი სანქციების შედეგად რუსეთში სათამაშო კონსოლების, ჯოისტიკების, ავიასიმულატორების, ქრომის და რიგი ქიმიკატების გაყიდვები აიკრძალება. ასევე, Reuters-ის წყაროების ცნობით, სანქციების სიაში კიდევ 48 ფიზიკური და 35 იურიდიული პირი მოხვდება, ხოლო Politico წერს, რომ კომპანიებს გაზისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მომსახურებაც აეკრძალებათ.
ალუმინი ფოლადზე მნიშვნელოვნად მსუბუქია, რაც მანქანათმშენებლობაში მის მოთხოვნას უზრუნველყოფს. Mining წერს, რომ რუსეთიდან ევროკავშირში ალუმინის იმპორტის მთლიან მოცულობაში დაუმუშავებელი ალუმინის წილი 85%-ს შეადგენს. მანამდე ევროკავშირს აკრძალული ჰქონდა მხოლოდ ალუმინის მავთულის, ფოლგისა და მილების იმპორტი, ხოლო, ზოგადად, რუსული ალუმინის იმპორტი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც აკრძალულია.
ბოლო წლებში ევროკავშირში ექსპორტირებული რუსული ალუმინის წილი მცირდებოდა და 2022 წელს 19%-ს, 2023 წელს 11%-ს, ხოლო 2024 წლის პირველ ცხრა თვეში 6%-ს შეადგენდა. გასული წლის ამ პერიოდში ევროკავშირმა 2,2 მლნ ტონა რუსული ალუმინის იმპორტი განახორციელა. რუსეთიდან მიწოდების კომპენსირება ინდოეთიდან, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან შესყიდვებით მოხდა. სამაგიეროდ, რუსული ალუმინის უფრო მეტი ექსპორტი ჩინეთმა დაიწყო, რომელიც მისი მოხმარების მსოფლიო ლიდერია.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა სანქციებს რუსეთთან დიალოგში „ძლიერ კოზირად“ მიიჩნევს. თავის მხრივ, რუსული მხარე დასავლეთის სანქციების გაუქმებას ითხოვს, თუმცა კრემლი აცხადებს, რომ ეს სანქციები აშშ-სთან მოლაპარაკებებში ხელს ვერ შეუშლის.