"მამა ჩემი მთავარი მოტივატორია", - კახა კალაძის შვილმა პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის და თბილისის მერის, კახა კალაძის უფროსი შვილი ლევან კალაძე კარიერას სამტრედიაში იწყებს. მან გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. მისი კონტრაქტის ხანგრძლივობა 2-წლიანია.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, 15 წლის კალაძე იმერულ კლუბთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, ახლა კი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა.
შეგახსენებთ, რომ თავისი წარმატებული კარიერა კახა კალაძემაც სამტრედიაში დაიწყო, რის შემდეგაც დინამო თბილისში გადავიდა. ლეგენდარულ მილანში მან ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა. მამის მსგავსად, ლევან კალაძეც 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ისიც მცველის ფუნქციებს მოირგებს.
მოგეხსენებათ, სამტრედია ეროვნული ლიგა 2-ში ასპარეზობს, ამჟამად კი თურქულ შეკრებაზეა, სადაც ლევან კალაძეც იმყოფება და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.