თეგებით ძიება

„ერეკლევ, ერეკლევ, რუსს რათ მიგვეცი. იმიტომ რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ, რათ?“ - 23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. 104 წლის წინ, 1921 წლის 12 თებერვალს საქართველოში  რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა.  19-20 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიის ნაწილებს თბილისის სამხედრო სკოლის 510 იუნკერი შეებრძოლა,  რომელთა ასაკი 20-25 წელი  იყო. 

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფრონტზე მოხალისედ ცნობილი პოეტისა და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებლის, კოტე მაყაშვილის 19 წლის ქალიშვილი, მაროც წავიდა. 17 თებერვალს ის მეგობრებთან ერთად წითელ ჯვარში, მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 

ინტერვიუ ეროვნული გმირი მარო მაყაშვილის დის შვილთან - თამარ ერისთავთან

იუნკრების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო მარო მაყაშვილიც.. მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა და ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…

„მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოს უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქათველი წაასხა. სად არის სამართალი. ერეკლევ, ერეკლევ, რაზედ დაგვღუპე? მართალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი. იმიტომ რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ, რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო!“ - წერდა მარო მაყაშვილი დღიურში. 

23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც. 

საქართველო ორკვირიან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თბილისის მერიის თავზე დამპყრობლებმა დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ნაცვლად საბჭოთა რუსეთის დროშა აღმართეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა. 1930 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს ტაძარი, რომლის ეზოშიც იუნკრები განისვენებდნენ. დღეს ტაძრის ადგილზე  პარლამენტის შენობაა.

დღეს პარლამენტის ეზოში, 1921 წელს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მოწვეული სტუმრები, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

„ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წელს, 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები, იუნკრები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. დღეს სწორედ ამ გმირ ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს. ყოველ წელს, 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს, სიამაყის დღე. თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო გმირ იუნკრებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა