"უხვმა ნალექმა კვლავ ჩაკეტა გზები, 10 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა, ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში" - გიორგი ურუშაძე გურიიდან
მესამე დღეა, დიდთოვლობის გამო, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა სპეციალური ტექნიკით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უხვმა ნალექმა რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.
"ენერგო პრო ჯორჯიას" და "სოკარ გაზის" ტექნიკური ჯგუფები პრობლემის დროულად აღმოფხვრას ცდილობენ.
ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. რეგიონში ისევ თოვს, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ "რუსთავი 2-ს" სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით, ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 10 ათასი აბონენტია დარჩენილი, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად.
"გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა კვლავ ჩაკეტა გზები. ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაზიანდა როგორც ელექტროგადამცემი ხაზები, ისე ბუნებრივი აირის მილები. "სოკარ ჯორჯიას" თანამშრომლები და "ენერგო პროს" თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მთელი რეგიონის მასშტაბით, დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტი არის ელექტროენერგიის გარეშე", - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.