დანიამ სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილური ტელეფონები აკრძალა
დანიის მთავრობამ სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილური ტელეფონები აკრძალა. გადაწყვეტილება ბავშვთა კეთილდღეობის სამთავრობო კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული.
ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ახალი წესები 7-დან 17 წლამდე ასაკის ყველა მოსწავლეს სკოლებში, კერძოდ, გაკვეთილებისა და შესვენების დროს გაჯეტების გამოყენებას უკრძალავს. ადგილობრივ ხელისუფლებებს გამონაკლისის დაშვება, მაგალითად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შეუძლიათ.
მთავრობის გადაწყვეტილება სკოლისთვის სასწავლო სივრცის როლის დაბრუნებით არის პოზიციონირებული.
„ნეგატიური შედეგების გაცნობიერება მხოლოდ მას შემდეგ დავიწყეთ, რაც გაჯეტები ცხოვრების ყველა სფეროში გამოჩნდა,“ - აცხადებს დანიის განათლების მინისტრი, მატიას ტესფაიე.
სამთავრობო კომისია, ასევე, რეკომენდაციას იძლევა, რომ 13 წლამდე ბავშვებს საკუთარი სმარტფონი ან პლანშეტი საერთოდ არ ჰქონდეთ.