საქართველოში მანქანების რაოდენობა თვეში საშუალოდ 8.1 ათასით იზრდება - ქვეყანაში 1 886 918 ავტომობილია
საქართველოში მანქანების რაოდენობა თვეში დაახლოებით 8.1 ათასით იზრდება. აღნიშნული მაჩვენებელი მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაკვირვებამ გამოკვეთა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, წელს იანვარის დასაწყისში საქართველოში 1 870 657 ერთეული ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ამ დროისთვის კი უკვე 1 886 918 ერთეული შეადგინა. შესაბამისად, 2 თვეში ქვეყანაში მანქანების რაოდენობა დაახლოებით, 16.2 ათასით გაიზარდა.
მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2 თვეში 4 479 ერთეულით გაიზარდა მართვის მოწმობების რაოდენობაც. წელს იანვარში მართვის უფლება 1 656 259 მოქალაქეს ჰქონდა, ამ დღეისთვის კი - 1 660 738-ს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რეგისტრირებულ მანქანებს შორის, რომელი მარკის ავტომობილები ლიდერობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი Toyota-ს, Ford-ისა და Mercedes-benz-ის მარკის ავტომობილი გადაადგილდებოდა.
კერძოდ, გასული წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ტოპ-5 ბრენდის ავტომობილი იყო:
Toyota – 24 330
Ford – 18 136
Mercedes-benz – 13 464
Hyundai – 7 738
BMW – 7 9552
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი რუხი ფერის არის (37 755), მეორე ადგილზეა თეთრი (38 472), ხოლო მესამეზე შავი (31 539), შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ ლურჯი, წითელი და მწვანე.