ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
მსოფლიოს მასშტაბით 35-ე ადგილი 69 ქულით და ევროპის საუკეთესო ოცეული - "ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" 2025 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. ანალიტიკური ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების შედეგი უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს და რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლები. ქვეყნის პოზიტიურ შედეგს უზბეკეთიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად.
კვლევაში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში კანონის უზენაესობის დონე. ანგარიშში სასამართლოს ეფექტურობა სამი კრიტერიუმით არის შეფასებული:
-სასამართლო დამოუკიდებლობა
-სასამართლო პროცესის ხარისხი
-საჯარო სერვისების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ინდექსში ასახული მონაცემები ქვეყანაში არსებულ რეალობას არ შეესაბამება.
ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 13 სახელმწიფოს, საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების შეფასებითაც უსწრებს. კორუფციის აღქმა, მექრთამეობის რისკი, კორუფციის კონტროლი, მათ შორის, სახელმწიფოს მიტაცება ელიტური და კერძო ინტერესებისთვის - მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორები ამ კრიტერიუმებით შეფასდა.
"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ანგარიში გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის პროფილურ კვლევებს ეფუძნება.