მოძალადე ქმარი სამსახურის იარაღიდან ისროდა და ემუქრებოდა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით - ბაია პატარაია
"საფარის" ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში პოლიციელი ცოლზე ძალადობს. იგი ასევე წერს, რომ პოლიციელი, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, თავისუფლად გადაადგილდება ხან პირადი და ხან სამსახურის მანქანით.
„დღეს შევხვდი ქალს ბორჯომის რაიონიდან. პოლიციელის ცოლია. მოძალ ადე ქმარი ფხიზელზე თუ მთვრალზე სამსახურის იარაღიდან ისროდა და ემუქრებოდა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიცაა, რაზეც აქ ახლა არ ვწერ.
პოლიციელი, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, თავისუფლად გადაადგილდება ხან პირადი და ხან სამსახურის მანქანით. ერთხელ ხაშურში ფეხით მიმავალ ცოლს მანქანით აედევნა და მანქანით დატაკების სიმულაციას მიმართა.
ეს ქალი მებრძოლი ქალია. სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, პოლიციის რამდენიმე განყოფილებას მიმართა. იარაღის ვაზნებიც კი მიიტანა სამმართველოში. გენინსპექციასაც მიმართა და სპეციალურ სამსახურსაც. ნოემბრიდან ჩივის და აღარაფრის იმედი აქვს. დღეს მითხრა, რომ ჩვენ მისი ბოლო იმედი ვართ ამ ქვეყანაში.
პოლიციელის ბიძები პროკურატურაში და თავდაცვაში მუშაობენ. ყველა საქმის კურსშია. ყველამ ყველაფერი იცის. ზოგიერთი პოლიციელი მასზე მართლა ღელავს და დახმარებას ინდივიდუალურად ცდილობს, მაგრამ სისტემა ჩამოშლილია“,- წერს „საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.