ცხოვრება ორგანოების გარეშე - სოფელი, რომლის ყველა მცხოვრებს ცალი თირკმელი აქვს
ნეპალის პატარა სოფელი, სახელად ჰოკსე მთელ მსოფლიოშია ცნობილი, მაგრამ ამის მიზეზი ულამაზესი პეიზაჟები ან ღირსშესანიშნაობები არ გახლავთ - სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებს ცალი თირკმელი აკლია. დიახ, ჰოკსე „შავ ბაზარს“ ადამიანის შინაგანი ორგანოებით ამარაგებს...
საშინელი სიღარიბე ამ ადამიანებს აიძულებს, რომ საკუთარ ორგანოს თითქმის კაპიკებად შეელიონ. ორგანოებით მოვაჭრეები ადგილობრივ მცხოვრებთა გულუბრყვილობითა და უცოდინარობით სარგებლობენ და არწმუნებენ, რომ მალე ახალი თირკმელი „გაეზრდებათ“ და ძველი შეუძლიათ თამამად გაყიდონ.
ოთხი შვილის დედამ, სახელად გიტამ, თირკმელი სულ რაღაც 1300 ფუნტად გაყიდა და შეიძინა სახლი, რომელიც 2015 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია.
„ათი წელია, ჩვენს სოფელში უამრავი ადამიანი ჩამოდის და ცდილობს თირკმლის გაყიდვაზე დაგვითანხმოს. მე ყოველთვის უარს ვამბობდი, მაგრამ საბოლოოდ, დავთანხმდი, რომ სახლის მეყიდა,” - აღიარა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში გიტამ.
თირკმლის ამოსაღებად გიტა ინდოეთში, თავის ერთ-ერთ რძალთან ერთად წავიდა. ოპერაცია ნახევარ საათს გაგრძელდა, თუმცა ამის შემდეგ ქალმა საავადმყოფოში სამი კვირა გაატარა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახლი, რომელიც გიტამ თირკმელების გაყიდვის შემდეგ შეიძინა, ნეპალის მიწისძვრის დროს დაინგრა. იმ მიწისძვრამ 8800 ადამიანი შეეწირა.
მიწისძვრის შედეგად ბევრი ჰოკსელი სახლისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა სწორედ ამ დროიდან დაიწყო აყვავება შინაგანი ორგანოებით ვაჭრობამ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა დანაშაულია, ნეპალში ყოველწლიურად, დაახლოებით, 7000 თირკმელი იყიდება. უფრო შოკის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ორგანოებით მოვაჭრეები დონორის თანხმობას არ ელიან.