საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილის საშუალო დანაზოგი 4,502 ლარია
საქართველოს საპენსიო სააგენტომ 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1.4 მილიონი, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 6.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა 4,502 ლარს შეადგენს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 6.4 მილიარდი ლარის პორტფელიდან 1.54 მილიარდი ლარი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებულ ამონაგებს წარმოადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისთვის 60 წელს, შესაბამისად დაგროვებით სისტემაში კაცებს 5 წლით მეტი ხნის განმავლობაში უწევთ დაზოგვა ვიდრე ქალებს სანამ დაგროვებით პენსიას მიიღებენ.
არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 6.3 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 81.9% ქართული ლარის საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 18.1% ანუ 1.1 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ამ თანხიდან 1 მილიარდი ლარი საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული. რაც შეეხება ლარის აქტივებს, ის ძირითადად ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული.
მოქალაქეებს იუსტიციის სახლში მიმართვით ან საპენსიო სააგენტოში მიმართვით საკუთარი საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ცვლილება შეუძლიათ, თუმცა ამ შესაძლებლობით მხოლოდ 10 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.
მოქალაქეთა დანაზოგები ასე ნაწილდება:
კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 1,407,249 მოქალაქე, 6,308,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 4,483 ლარი;
დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 5,144 მოქალაქე, 36,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 6,998 ლარი;
დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 4,758 მოქალაქე, 36,400,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 7,650 ლარი;
ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი - 4,502 ლარი.