ყველა დროის ყველაზე დიდი კრიპტოძარცვები
კრიპტოვალუტამ ინვესტორებთან ერთად კიბერკრიმინალებიც მიიზიდა. ბლოკჩეინის ტექნოლოგის განვითარების ფეხდაფეხ ჰაკერების მეთოდებიც იხვეწება, რაც ინდუსტრიაში უმთავრეს პრიორიტეტად უსაფრთხოებას აქცევს.
2025 წლის 21 თებერვალს, დუბაიში დაფუძნებული კრიპტობირჟა Bybit-იდან დაახლოებით 1.46 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს. ეს მავნე პროგრამების გამოყენებით ტრანზაქციის დამტკიცების გზით განხორციელებული ყველაზე დიდი კრიპტოქურდობაა ისტორიაში.
კრიპტოინდუსტრიაში მეორე ყველაზე დიდი ძარცვა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, როდესაც ჰაკერებმა Poly Network-იდან 600 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ მათ მოპარული კრიპტოაქტივების უმეტესი ნაწილი დააბრუნეს და ამტკიცებდნენ, რომ ეს „გასართობად“ გააკეთეს.
მესამე ყველაზე დიდი კრიპტოძარცა 2022 წელს, ოქტომბერში მოხდა. მაშინ BSC Token Hub-იდან 582 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ათეულში შესული კრიპტოძარცვებიდან ოთხი სწორედ 2022 წელს მოხდა. ამ წელს BSC Token Hub-თან ერთად ჰაკერებმა გაძარცვეს: Ronin Network-ი, FTX-ი და Wormhole-ი.
ყველა დროის ყველაზე დიდი კრიპტოძარცვები:
წელი სამიზნე *ღირებულება
2025 Bybit 1.46 მლრდ.
2021 Poly Network 611 მლნ.
2022 BSC Token Hub 582 მლნ.
2022 Ronin Network 540 მლნ.
2018 Coincheck 532 მლნ.
2022 FTX 482 მლნ.
2014 Mt Gox 470 მლნ.
2024 DMM 325 მლნ.
2022 Wormhole 308 მლნ.
* მოპარული კრიპტოაქტივების ღირებულება დათვლილია ძარცვის დროს არსებული ფასის მიხედვით
წყარო: forbes.ge