როდის აღდგება არაგვის ხიდზე მოძრაობა?
მდინარე არაგვის ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა წესდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ერთ ზოლში იქნება შესაძლებელი.
უწყების ცნობით, შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში იქნება ძალაში. მიზეზი დაზიანებული ფილის აღდგენითი სამუშაოებია.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს გზის ერთ ზოლზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გაზრდილი მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით, რის გამოც, სამუშაოების წარმოების პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლებელია ისარგებლოთ ალტერნატიული გზებით - ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურისა და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზების გამოყენებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.