დაფნის საექსპორტო ფასმა $3.98-მდე მოიმატა
2024 წელს საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტი მნიშვნელოვნად, 94%-ით გაიზარდა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ანალიზშია აღნიშნული.
წლიურად 16.6 მლნ დოლარით გაზრდის შემდეგ, გასულ წელს დაფნის ფოთლის ექსპორტმა 34.4 მლნ დოლარი (8.6 ათასი ტონა) შეადგინა.
ამასთან, საექსპორტო ფასი 2023 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და 3.98 $/კგ შეადგინა.
პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (80%) და რუსეთი (14%).
ანგარიშის მიხედვით, ჩინეთში გასულ წელს 28.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფნის ფოთოლი გავიდა, რაც წლიურად 18.5 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.