მეტეხის ხიდის ისტორია - თბილისის ბედისწერა
მეტეხის ხიდმა, ბოლო კვირებში ავტომობილების მტკვარში სამჯერ გადავარდნის გამო, ბუნებრივად მიიპყრო ხალხის ყურადღება. გაჩნდა კითხვები ხიდის ადგილთან და კონსტრუქციასთან დაკავშირებით. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თბილისის ერთ-ერთი მთავარი ხიდის უსაფრთხოება კრიტიკულ ყურადღებას საჭიროებს, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში არ განმეორდეს.
მეტეხის კლდის ამ ვიწრობში ხიდებს უძველესი დროიდან აშენებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში აქ გადებული ხიდი რჩებოდა ქალაქის ერთადერთ ხიდად, რომელიც მარჯვენა ნაპირის უბნებსა და ციხესიმაგრეს სამეფო სასახლესთან აკავშირებდა. უშუალოდ ხიდთან და მისკენ მიმავალი გზის გაყოლებით შენდებოდა სავაჭრო დუქნები, სახელოსნოები, ეკლესიები.
მტკვარზე გადებულ ხიდს ახსენებს იოანე საბანისძეც „აბო თბილელის წამებაში“ (VIII საუკუნეში), რომლის მიხედვითაც, მტკვრის მარჯვენა ნაპირი მარცხენას „ქალაქის ხიდით“ უერთდებოდა იქ, სადაც მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირზე იყო „ციხე ქალაქისა“, რომელსაც მაშინ სადილეგოს (სატუსაღოს) უწოდებდნენო.
ხიდის ამჟამინდელი კონსტრუქცია, რომელიც ძირითადად საბჭოთა პერიოდის ნაგებობაა, 1951 წელს დასრულდა (არქიტ. დემჩინელის, ინჟ. გ. ჩომახიძის მიერ). ხიდის მალის სიგრძე მდინარეზე 43 მეტრია, სავალ ნაწილზე – 20 მ, მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით.
უბედური შემთხვევები
მეტეხის ხიდიდან გადავარდნისა თუ გადახტომის არაერთი ეპიზოდია შემორჩენილი ქალაქის ქრონიკებში. თუმცა ძველი ქალაქი უბედურ შემთხვევებს ორგანიზებულად ვერ უპირისპირდებოდა. მაშველთა საგანგებოდ გაწვრთნილი და კარგად აღჭურვილი რაზმი ძველ ტფილისს არ ჰყოლია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტკვარი საერთოდ უყურადღებოდ იყო მიტოვებული. 1894 წლის 20 დეკემბრის „ივერიაში“ ვკითხულობთ:
"წყალზედ დამხსნელ საზოგადოების მმართველობის განკარგულებით, კუკიის ხიდის ქვეშ მტკვარზე დაარსდა დროებითი სადგური, სადაც უნდა იმყოფებოდეს ვოდოპიანოვი თავის ნავით.“
თუმცა, ვოდოპიანოვისა და სხვა მენავეების ძალისხმევის მიუხედავად, მტკვარში მაინც იხრჩობოდნენ ადამიანები, რისი მიზეზიც, ხიდებზე მეტად, ბორნები იყო.
„გუშინ, დაახლოებით დილის 8 საათზე, 12-13 წლის მოზარდი, რომელიც მუხრანის ბორნით რიყის მხარეს გადადიოდა, წყალში გადავარდა. ვიდრე ბორანი ნაპირს მიადგებოდა, ბიჭმა ბოღაზისკენ ისკუპა და მტკვარში ჩავარდა. ბორანზე მყოფმა უბედურის ბავშვის დედამ ყვირილი მორთო. გადარჩენის საშუალების ძებნაში პუბლიკა აფორიაქდა, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა: ბიჭი დაიღრჩო. მისი გვარის დადგენა ჩვენ ვერ შევძელით“ („ტიფლისკი ლისტოკ“, 1907 წ. 2 დეკემბერი, N263).
ტრაგედია დატრიალებულა კიდევ უფრო შორეულ 1844 წლის 17 აპრილს ამჟამინდელი ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) ხიდს ზემოთ, სადაც ოთხი წლით ადრე კავკასიის მესანგრეთა რაზმს მოუწყვია ბორანი, რომელიც მოძრაობდა მდინარის ნაპირებს შორის გაბმულ ბაგირზე. ნ. კვეზერელი-კოპაძე „თბილისის ხიდებში“ („საბჭოთა საქართველო“. 1961 წ.) წერს:
გაზეთი "ივერია", 1894 წ.