უძრავი ქონების როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე ტრანზაქციები გაზრდილია, რაც გასულ თვეებში დაგროვილი მოთხოვნის გამოძახილია - GNARE-ს პრეზიდენტი
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის ნატო ბოჭორიშვილის განცხადებით, მარტიდან გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ტრანზაქციები გაზრდილია, როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე, რაც გასულ თვეებში დაგროვილი მოთხოვნის გამოძახილია.
„იმისთვის რომ დეველოპერებმა ბაზარზე ოპერირება შეუფერხებლად და წარმატებით განახორციელონ საჭიროა ლიკვიდური სახსრები, თუ ჩვენ ვამბობთ რომ ბანკები უფრო ფრთხილად მიუდგნენ დაფინანსების საკითხს, მეორე მხრივ გვაქვს ინფორმაცია, რომ გამარტივებული იპოთეკური სესხის აღებით შეუძლიათ მომხმარებლებს ბინის შეძენა. ანუ დეველოპერებთან ბრუნდება ისევ ეს საბრუნავი სახსრები.
მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რაც გვაქვს პოზიტიურია. ის მოთხოვნა რაც დღეს არსებობს, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ლოგიკურია არსებული აკუმულირებული მოთხოვნის ფონზე რადგან გასულ წელს დაინტერესებულ პირებს არ მიეცათ საშუალება განეხორციელებინათ ინვესტიცია. მარტიდან მოყოლებული აქტიურობა შეინიშნება, ამინდიც კი მოქმედებს, ადამიანები უფრო აქტიურები ხდებიან და უფრო მეტ ინტერესს გამოხატავენ ობიექტების დათვალიერების.
ასოციაციის ჭრილში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ, როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზართან მიმართებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით დღეს ვთვლით, რომ სტაბილური მდგომარეობაა მოთხოვნის ნაწილში და იზრდება. ჩემი მოსაზრებაა ,რომ ეს წელი კიდევ უფრო აქტიური იქნება.“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა.