„არაბული ქვეყნები, ისრაელი, თურქეთი“ - ვინ ყიდულობს უძრავ ქონებას ბათუმში?
კომპანია „ალიანს ჯგუფის“ კომერციული დირექტორის თემურ ბიწაძის თქმით, მათ პროექტებში ყველაზე მეტ უძრავ ქონებას ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ. ასევე მზარდი ინტერესია არაბული ქვეყნებიდან.
როგორც bmg-სთან ბიწაძე აცხადებს, რომ მოთხოვნა საარჩევნო წლის და მიმდინარე ტურბულენციის პირობებში შენელებული იყო, თუმცა ბათუმის ბაზარზეც მდგომარეობა გამოსწორებას მარტიდან აჩვენებს.
„უძრავ ქონებასა და ტურიზმს შორის განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ გადაჯაჭვულია ეს ორი მიმართულება და პირდაპირ ფრენებთან არის ხოლმე კავშირში, წელს გამონაკლისის სახით ტურიზმი კარგ ნიშნულზე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად მოლოდინები მომხმარებლებში იყო „მოდი არჩევნებს დაველოდები“ - საარჩევნო წელს ეს ახასიათებს, წელსაც არის ადგილობრივი არჩევნები და არ გამოვრიცხავ, რომ ამ თემას ინვესტიციებზე წელსაც ჰქონდეს გავლენა.
რაც შეეხება ქვეყნებს, ვინც ყიდულობს ჩვენთან უძრავ ქონებას ეს არის არაბეთი, მეორე ისრაელი, თურქეთი, მეოთხე დსთ ერთად და მეხუთე აღმოსავლეთ ევროპა. ესენი გამოირჩევიან როგორც ტურისტულად, ისე უძრავ ქონებაში ინვესტიციების მხრივ. სათითაოდ, რომ გავყვეთ, ომის დაწყების შემდეგ ისრაელმა დიდი ინვესტიციების განხორციელება დაიწყო, მაშინ მოხდა ფულის გამოდინება და ამ ეტაპზე ეს ფაქტორი მოხსნილია, თუმცა ზრდას მაინც აჩვენებს. ამას განაპირობებს სიახლოვე, ფრენები და ის, რომ ის მტრული გარემო, რაც ისრაელის ირგვლივ არის, საქართველოზე არ ვრცელდება.
მეორეა თურქეთი, საიდანაც გაზრდილია უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით ახლა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ასევე დსთ, ყაზახეთი-უზბეკეთი აქტიურობდა, თუმცა ბოლო პერიოდში დეკემბერ-იანვარში აქედან მოთხოვნა შენელდა.
პოლონეთიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენის ინტერესი იმიტომ იყო, რომ ევროკავშირის წევრი უნდა გავმხდარიყავით. ამას რომ მათთვის კითხვის ნიშანი დაესვა, მას შემდეგ მათი ქცევა შეიცვალა. მოთხოვნა არაბული ქვეყნებიდანაც ფიქსირდება, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით დიდი პროპაგანდა იყო.
რაც შეეხება მიმდინარე ვითარებას, მარტში გამოსწორების ტენდენცია შეიმჩნევა. იმედია, ასე გაგრძელდება. მოლოდინებიც ამაზეა აწყობილი“, - განაცხადა ბიწაძემ.
წყარო: bm.ge