საწყობებზე მოთხოვნა გაიზარდა - როგორია გაქირავების ფასი?
"თიბისი კაპიტალის" სამრეწველო და ლოგისტიკური უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, ბოლო წლებში საწყობებსა და ლოგისტიკასთან დაკავშირებულ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა მომატებული სატრანზიტო ნაკადების და ადგილობრივი მოთხოვნის გამო. ამ ფონზე, კი ასევე გაიზარდა სამშენებლო ნებართვების რაოდენობა საწყობებზე.
„სასაწყობო უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში მეტწილად არაორგანიზებული და ფრაგმენტულია. დომინირებს მრავალი მცირე ზომის ოპერატორი და სტრუქტურირებული სერვისის პროვაიდერების ნაკლებობაა“, - ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, საქართველოში გასაქირავებელი სასაწყობე ობიექტების სავარაუდო მთლიანი ფართობი დაახლოებით 2.2 მილიონი კვ.მ-ია, საიდანაც 33% გასაქირავებლად ხელმისაწვდომია.
კვლევის თანახმად, ამ ტიპის უძრავი ქონების მოიჯარეები ძირითადად შემდეგი სექტორები არიან: ტანსაცმელი, სამომხმარებლო საქონელი, ელექტრონიკა, ფარმაცია, სილამაზის ინდუსტრია და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის ავტორების შეფასებით, იჯარით გაცემული საწყობების უდიდესი ნაწილი - 68% თბილისშია კონცენტრირებული, დედაქალაქს მოსდევს: ქუთაისი - 17%, ბათუმი - 5% და ფოთი - 5%.
„თბილისის საწყობების ფართობი სულ შეადგენს 393 369 კვ.მ-ს; ძირითადად კონცენტრირებულია სამგორში (45%), ნაძალადევსა (23%) და ისანში (11%)“, - აღნიშნულია კვლევაში.
თბილისში საშუალო ქირა კვ.მ-ზე მერყეობს 3-დან 5 დოლარამდე დღგ-ს და მომსახურების საფასურის გარეშე, A კლასის ობიექტების ფასი კი 7 დოლარამდეც კი აღწევს.