„ეს არა მარტო სოლოლაკში, მთელ თბილისში გამორჩეული სახლია, რასაც ბევრი მიზეზი აქვს“ - როგორ აშენდა სახლი, სადაც „მონანიება“ გადაიღეს?
ამბობენ, რომ ძველი სახლის დანგრევამდე დავით სარაჯიშვილმა დიდი მეჯლისი გამართა და ახალი საძირკველის გათხისას, მაშინდელი ტრადიციის მიხედვით, მიწაში ერთი მუჭა ოქრო დაფლა. სახლი 1905 წლის 3 აპრილს, დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის ქორწინების 25 წლის იუბილეზე ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა ცნობილ მეწარმეს და ქველმოქმედს აქ დიდხანს არ უცხოვრია.. დავით სარაჯიშვილის სახლის მშენებლობისა და მასში მცხოვრები ოჯახის სევდიანი ისტორიის შესახებ TIA.GE-ს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია ესაუბრა:
_ დავით სარაჯიშვილმა, რომელიც ცნობილი მეწარმე, მეცენატი და საზოგადო მოღვაწე იყო, ეს სახლი 1905 წელს ააშენა და ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. სარაჯიშვილის სახლი არა მარტო სოლოლაკშია, მთელ თბილისში გამორჩეულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. დავიწყოთ იმით, რომ სახლი მაშინდელი განათლებული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის თავშესაფარს წარმოადგენდა და აქ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. დავით სარაჯიშვილმა სახლის არქიტექტორად ბერლინიდან კარლ ცაარი, ხოლო ინჟინრებად თბილისში მოღვაწე ცნობილი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი მოიწვია. ცნობისთვის, თითქმის მთელი თბილისი ამ ორი არქიტექტორის აშენებულია. სარაჯიშვილის სახლი ქართულ-ევროპული არქიტექტურის სინთეზია, მაგალითად, ფასადი სკანდინავიური მოდერნია, ხის აივნები, კარ-ფანჯარა, ბიბლიოთეკა, ფოიე და ჩუქურთმები იმ დროისთვის ცნობილ ხეზე კვეთის ოსტატს, ილია მამაცაშვილს ეკუთვნის. სწორედ დავით სარაჯიშვილმა გაუშვა ეს ადამიანი ევროპაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მისი გაკეთებული ნებისმიერი ნივთი უნიკალურია. სამწუხაროდ, სარაჯიშვილს ამ სახლში დიდხანს არ უცხოვრია - საცხოვრებლად 1905 წელს გადავიდა და 1911 წელს გარდაიცვალა. 1916 წელს სარაჯიშვილის ცოლი, ეკატერინე ფორაქიშვილიც გარდაიცვალა და მისმა ძმამ, ადამ ფორაქიშვილმა სახლი მაშინვე აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. სახლი ფინანსისტმა, მრეწველმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა, აკაკი ხოშტარიამ იყიდა. მის დროს სახლი და ეზო კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ქვეყანაში ბოლშევკების მმართველობის დამყარებისთანავე, ხოშტარია ემირაციაში წავიდა.
_ სარაჯიშვილის სახლის ცხოვრება ბოლშევიკებამდე და ბოლშევიკების შემდეგ განსხვავებულია..
- ბოლშევკები ბურჟუაზიული მმართველობის დაუძინებელი მტრები გახდნენ. გარდა იმისა, რომ ადამიანებს ქონებას ართმევდნენ და ყველაფრის გარეშე ტოვებდნენ, მათ მიერ მოწყობილ სასახლეებში ოჯახების შესახლება და კომუნალური სახლების მოწყობა ხდებოდა. როდესაც ერთ სახლში 40 და 60 ოჯახია შესახლებული, იქ არავინ არაფერს უფრთხილდება, მაგრამ სარაჯიშვილის სახლი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებიდან რამდენიმე დღეში პაოლო იაშვილის ინიციატივით, სარაჯიშვილის სახლი მწერლებს გადაეცათ. ამის დამსახურებით, ეს სახლი კომუნალურ სახლად არ ქცეულა და ყველაფერი უცვლელად შენარჩუნდა. შპალერი რომ შპალერია, ისიც ავთენტურია. იატაკია სრულიად უნიკალურია - მოზაიკაში ვილეროი და ბოხის ფილებია გამოყენებული. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. ახლა ექსპონატებს არ იკითხავთ? გარდა უნიკალური ავეჯისა, ჭაღებისა და დეკორაციებისა, სარაჯიშვილმა ასკაციანი ჭურჭელი ცნობილ ფაბრიკას "ჰევილენდ ლიმოჟის“ (Haviland Limoges) სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა, ასკაციანი სადილის სერვიზი თეთრი ფერისაა და ყველა ნივთს დავით სარაჯიშვილის ოქროსფერი მონოგრამა ამშვენებს: დ.ს. - ზუსტად ისეთი, როგორიც მისი სახლის კარს მაჩაბლის 13-ში.
_ მას შემდეგ, რაც სარაჯიშვილის სახლში მწერალთა კავშირი განთავსდა, მისი ტრაგიკული ისტორია იწყება..
_ საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, რომ მთავარი საყრდენი ინტელიგენციაში და მწერლობაში ჰყოლოდა. ამიტომ არსებობდნენ პროლეტარი მწერლები. ისინი ხელოვნების თვალსაზრისით ღირებულს არაფერი ქმნიდნენ, მათი მთავარი მისია პარტიის ქება-დიდება იყო. ისე მოხდა, რომ ამ პროლეტარმა მწერლებმა ნამდვილი მწერლები ძალიან შეავიწროვეს და საბოლოო ჯამში, ეს ადგილი ერთმანეთის დასმენის, ინფორმაციის მიტან-მოტანის და ხალხის მტრად გამოცხადების ადგილად იქცა.
შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ამ სახლში, 1937 წელს 22 ივლისს პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, რაც საბჭოთა მთავრობამ პროვოკაციად შეაფასა. სიმბოლურია, რომ სწორედ რეპრესიების ადგილად ქცეულ დავით სარაჯიშვილის სახლშია გადაღებული საკულტო ფილმი „მონანიება“.
_ დავით სარაჯიშვილის სახლი დღეს მწერალთა სახლის ფუნქციასთან ერთად მისივე მუზეუმის ფუნქციას ითავსებს. თქვენი აზრით, ვინ არის ეს ადამიანი საქართველოსთვის?
_ ის არის კაცი, რომელმაც 8 საათიანი სამუშაო დღეზე, ხელფასიან შვებულებაზე და მუშების უფლებებზე პირველად ილაპარაკა. დავით სარაჯიშვილმა მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა. მას შთამომავალი არ ჰყავდა, მაგრამ ილიას რეკომენდაციით, ყველას, ვისაც გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპაში სასწავლებლად უშვებდა და არა რუსეთში, როგორც მაშინ მიღებული იყო. ამ კაცის წვლილი ქვეყნის წინაშე განუზომლად დიდია, ამიტომ ის და მისი მეუღლე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მაგრამ 1939 წელს ადამ ფორაქიშვილმა მიიღო წერილი, სადაც მთავრობა წერდა, რომ დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე საზოგადო მოღვაწეები არ არიან და 10 დღის ვადაში პანთეონიდან უნდა გადაასვენონ. ნათესავებს გადასვენების ფული არ ჰქონდათ, თუმცა გაახსენდათ, რომ სარაჯიშვილი ძვირფასთვლიანი ბეჭდით იყო დასაფლავებული, ამ ბეჭდის იმედად ისესხეს ფული და გადაასვენეს მიცვალებულები ვაკის სასაფლაოზე, შემდეგ კი სარაჯიშვილის კომპანიის მენეჯმენტმა ქაშვეთის ეზოში გადმოასვენა. ცნობილია, რომ დავით სარაჯიშვილი ეკლესიების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე დიდ თანხებს ხარჯავდა. ქაშვეთის ეკლესია მისი ინიციატივით აშენდა, სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და კიდევ სხვა ეკლესიებს რესტავრაცია ჩაუტარდა. სამწუხაროა, რომ დღეს მის საფლავზე „ბუტკა“ დგას, სადაც საეკლესიო ნივთები იყიდება. როცა ამხელა ეზოში, „ბუტკა“ მაინცდამაინც სარაჯიშვილის საფლავზე დგას, იმდენად დიდი უპატივცემულობა, რომ ქართული სიტყვაც კი არ უხდება.
არავინ იცის, შეიცვლება თუ არა კიდევ ერთხელ დავით სარაჯიშვილის საფლავის მდებარეობა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დღეს არც გადასვენების და არც მაღაზიის აღების საკითხი დღის წესრიგში არ დგას