თეგებით ძიება

ასურეთი - სოფელი ქვემო ქართლში, რომელიც მნახველს გერმანელი შვაბების მიერ 200 წლის წინ აგებული სახლებით აოცებს

ასურეთი (ელიზაბეტთალი) ქვემო ქართლის ძველი ქართული სოფელია, სადაც 200 წლის წინ, რუსეთის მეფის, ალექსანდრე I-ის მოწვევით, შვაბი პიეტისტები ჩამოსახლდნენ და გერმანული კოლონია – “ელიზაბეტთალი” შექმნეს. ერთ დროს ეს დიდი, მდიდარი და გამორჩეული გერმანული დასახლება ყოფილა. გერმანელები მევენახეობას ეწეოდნენ და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებსაც ავითარებდნენ.  სოფელში ჰქონდათ სასეირნო პარკი, გასართობი კლუბი, თეატრი, სკოლა… იკრიბებოდნენ ყოველ უქმეებზე და თავისუფალ დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

სოფელში დღესაც შემორჩენილია უნიკალური შენობები,  რომელიც ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს: ვიურტემბერგელი შვაბების აგებული, გოთიკური სტილის უძველესი სახლები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, აბანო, ლუთერანული ტაძარი, ნაგებობა “მარანი”, საკანალიზაციო არხები და მრავალი სხვა.

გერმანელები სახლებს ნათალი ქვით, ღრმა სარდაფებით და მაღალი, ვიწრო სამკუთხაფრონტონიანი ფასადებით აგებდნენ, რომელსაც ქართული ხის აივნებითა და ვერანდებით რთავდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს, მათ ადგილას კი რაჭველები ჩამოასახლეს. რაჭული კულტურა გერმანული მარნის იდენტობას ადვილად მოერგო. ასურეთში თითქმის ყველა სახლში ნახავთ გერმანულ მარანს რაჭული ლორითა და ღვინის უნიკალური სახეობით -“შალა”, რომლის ჯიშიც გერმანელმა მეღვინემ გამოიყვანა.

ცნობილი გერმანელი მოგზაური, გეოგრაფი და ბუნებისმეტყველი მორიც ვაგნერი 1843-46 წლებში ვიურტემბერგელი შვაბების სოფელ ელიზაბეტთალში ყოფნისას წერდა: “პატარა, მაგრამ კოპწია და მტკიცე სახლები – შიგნით კაფელის ღუმლით, ქანქარიანი საათით და ხავერდიანი სავარძლით – ყოველივე სუფთა და სასიამოვნო, როგორც სამშობლოში – შვარცვალდსა და ნეკარზე”.

ელიზაბეტთალის სახასიათო არქიტექტურა, ისტორია, ტრადიციები და კულტურა დღემდე უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა