ნავთობის მსოფლიო ფასები 2022 წლის შემდეგ ყველაზე დიდ პროცენტულ ვარდნას განიცდის
ნავთობის მსოფლიო ფასები დაეცა და მათ ხუთშაბათის ვაჭრობა 2022 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი პროცენტული ზარალით დაასრულეს - ამის შესახებ Reuters წერს.
მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2 აპრილის საიმპორტო ტარიფები და მეორე დღესვე OPEC+-ის შეთანხმებაა წარმოების მოულოდნელი ზრდის შესახებ.
კერძოდ, Brent-ის ფიუჩერსებმა ბარელზე 4,81 დოლარით, ანუ 6,42%-ით დაიკლო და 70,14 დოლარი შეადგინა. ამერიკული ნედლი ნავთობის, West Texas Intermediate-ის (WTI) ფიუჩერსები ბარელზე 4,76 დოლარით, ანუ 6,64%-ით გაიაფდა და 66,95 დოლარი შეადგინა.
Brent-ის ფასი 2022 წლის 1-ლი აგვისტოს შემდეგ, ხოლო WTI-ის ფასი 2022 წლის 11 ივლისის შემდეგ ყველაზე დიდ პროცენტულ ვარდნას განიცდის.
ხუთშაბათის შეხვედრაზე OPEC+-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვების ზრდის გეგმა გააგრძელონ, რაც მიზნად ისახავს მაისში ბაზარზე დღეში 411.000 ბარელ ნავთობის დაბრუნებას, მაშინ, როცა მანამდე დღეში 135.000 ბარელით დაბრუნება იყო დაგეგმილი.
ნავთობზე მსოფლიო ფასები OPEC+-ის ხუთშაბათის შეხვედრამდეც უკვე, დაახლოებით, 4%-ით იყო შემცირებული, რადგან ინვესტორები შეშინდნენ, რომ ტრამპის ტარიფები გლობალური სავაჭრო ომის ესკალაციას გამოიწვევდა, ეკონომიკურ ზრდას შეაკავებდა და საწვავზე მოთხოვნას შეზღუდავდა.