“კავკასიური პარიზი” - სოლოლაკის ისტორია
თბილისის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე უბანი - სოლოლაკი (იგივე სალალაკი) ქალაქის სამხრეთ–აღმოსავლეთით, მტკვრის მარჯვენა მხარეს ამავე სახელწოდების მთის კალთაზე მდებარეობს. “ არაბების ბატონობის ხანაში აქ გაშენებული “ციხის ბაღის” მოსარწყავად სარწყავი არხი აღუდგენიათ, ამიტომ მთის კალთას სულულაჰი უწოდეს (სუ-თურქულად წყალია), ხოლო მოგვიანებით ასე დაერქვა უბანსაც, რომელიც ამ ფერდობზე გაჩნდა, ტოპონიმი “სოლოლაკი” კი XIX საუკუნეში დამკვიდრდა.
ამ ადგილის ადრინდელი სახელი იყო ავანაანთხევი. აქ იყო ქართველ წარჩინებულთა ბაღები. სოლოლაკის განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში. 1847-1851 წლებში გადაიხურა სოლოლაკის ხევის ერთი მონაკვეთი (ახლანდელი ლეონიძის ქუჩა და თავისუფლების მოედნის რეგიონი). აქვე აიგო ქარვასლა, რომელიშიც იყო თბილისის პირველი საოპერო თეატრი და რომელიც 1847 წელს დაიწვა.
მრავალრიცხოვანი მტრების შემოსევამ და აოხრებამ თბილისსა და მის შემოგარენს როგორც ტოპონიმიკაში, ისე ყოფით საქმიანობაში წარუშლელი კვალი დაამჩნია.
1880 წელს სოლოლაკის ხევი (ავანაანთხევი) შენობებით გაივსო, მოედანი ერთიან, ქვით მოკირწყლულ სივრცედ იქცა.
1885 წელს მოედნის ჩრდილოეთ მხარეს გაშენდა ე.წ. ნოვი სად, (ახლანდელი პუშკინის სკვერი მისი ნაწილია), სადაც 1892 წელს პუშკინის ძეგლი დაიდგა.
დროთა განმავლობაში სოლოლაკში იჩეხებოდა ტყე, ადგილებს ისაკუთრებდნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები, ძირითადად ბურჟუაზია, და აშენებდნენ სახლებს.
თბილისის მთავარი მოედნის განაშენიანება XIX საუკუნეში დაიწყო. ეს ადგილი, რომელსაც სოლოლაკის მთიდან ჩამოსული ხევი ჭრიდა, ძველი ქალაქის (კალას) გალავნის გარეთ მდებარეობდა და გარეთუბანი ერქვა. დაარსებიდან დღემდე მოედანი ბევრჯერ გადაკეთდა, შენარჩუნებულია მისი ტრაპეციული ფორმა და ძირითადი ზომები.
სოლოლაკის ქუჩებს “კავკასიურ პარიზს” უწოდებენ. ამის მიზეზი განსაკუთრებულად წყნარი ატმოსფერო, ენათა მრავალფეროვნება და XIX-XX საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კოსმოპოლიტური არქიტექტურაა. იმ დროის თბილისის სახლები სიმდიდრითა და ხარისხით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა ევროპულ მოდერნს. სახლების მფლობელები მათ მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორებს უკვეთავდნენ. XIX საუკუნის ბოლოს სოლოლაკი ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო, რომელიც ძირითადად ფეშენებელური ვილებითა და “მოდერნის” სტილის სახლებით იყო დამშვენებული.
სწორედ ისტორიული სახლებია, რაც ამ უბანში უამრავ ტურისტს იზიდავს. ისინი, სიამოვნებით დახეტიალობენ უძველეს ქუჩებსა თუ ეზოებში. მაღალი ტურისტული ნაკადიდან გამომდინარე, სოლოლაკში მაღალია მოთხოვნა, როგორც საოფისე და სავაჭრო, ასევე საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
ფოტოები: ფეისბუქის გვერდი „სოლოლაკი“