კვადრატული მეტრის ქირა 26 000 ევრო - რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქუჩა?
ფუფუნების სფეროს 21 საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში ქირის ფასების ანალიზმა აჩვენა, რომ საცალო ვაჭრობისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ადგილი ნიუ-იორკის “მეხუთე ავენიუა.”
ინფორმაციას Retail Times კომპანია Savills-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ”მეხუთე ავენიუზე” წლიური იჯარა კვადრატულ მეტრზე 26.000 ევროს აღწევდა. ამ ქუჩაზე ფუფუნების ისეთი ბრენდების მაღაზიებია, როგორიც არის Armani, Cartier, Tiffany & Co და Apple Store.
რეიტინგში მეორე ადგილს ჰონგ-კონგის ციმ შა-ცუის რაიონი იკავებს, სადაც კვადრატული მეტრი წელიწადში 17.132 ევრო ღირს.
ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი, ანუ 15,333-ევროიანი საიჯარო ფასი ლონდონის ბონდ-სტრიტზეა, რომელიც მილანის ვია-მონტენაპოლეონეს უსწრებს. მილანში კვადრატულ მეტრზე წლიური ქირა 15,000 ევროა.
2024 წელს ზრდის მთავარი დრაივერი ჩინეთი გახდა. ქვეყნის წილი მსოფლიოში ახალი მაღაზიების გახსნაში, დაახლოებით, 40%-ს შეადგენს, რაც 2023 წელს დაფიქსირებულ 41%-თან შედარებით ნაკლებია.
Savills-ის შეფასებით, ფუფუნების საგნების ძირითადი ბაზრები სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, სადაც შენობის ხარისხი და მდებარეობა პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს. შედეგად გაქირავების საბაზისო ფასებზე ზეწოლა შენარჩუნდება, მაგრამ ზრდა შენელდება, რადგან ასეთი სივრცეების ხელმისაწვდომობა სულ უფრო შეზღუდული ხდება.