მანჰეტენის საიდუმლოებით მოცული სახლი - რა იმალება უფანჯრებო ცათამბჯენის კედლების მიღმა
მსოფლიოში უამრავი საიდუმლოებით მოცული ადგილია, რომელთა მონახულება კლიმატის, რელიეფის ან გეოგრაფიული მდებარეობის გამო შეუძლებელია, თუმცა ზოგჯერ ადამიანებისთვის მიუწვდომელი თავად ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობა ხდება. ბუნებრივია, რომ ასეთი ადგილები ბევრ კითხვას აჩენს. ერთ-ერთი ასეთი იდუმალი ადგილი ნიუ-იორკის ცენტრში მდებარეობს. ეს უჩვეულო ცათამბჯენია, რომელსაც არც ფანჯრები აქვს და არც მისი კარი იღება. რა იმალება შენობის შიგნით?
მსოფლიოში გაცილებით მეტი დახურული ან მიუწვდომელი ადგილია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, აღდგომის კუნძული, რომელიც მსოფლიოს ყველაზე შორეულ დასახლებად ითვლება, ტუნგუსკის მეტეორიტის ვარდნის ადგილი, რომლის პოვნა ციმბირის უღრან ტყეებში ფაქტობრივად, შეუძლებელია, ზონა 51 – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიდუმლო ობიექტია, რომელიც ვიზიტორებისთვის დახურულია და ა.შ. ისეთი ადგილებიც არსებობს, რომლებიც მილიონიანი ქალაქების ცენტრში მდებარეობენ, თუმცა მათი რეალური დანიშნულება სრულიად უცნობია.
სწორედ ასეთია ერთ-ერთი ცათამბჯენი ქვედა მანჰეტენზე. აშენებისთანავე მას „უფანჯრებო ცათამბჯენი“ შეარქვეს. ბუნებრივია, ასეთმა უჩვეულო ნაგებობამ არა მხოლოდ არქიტექტორთა, არამედ საზოგადოების ყურადღებაც მიი1ცია.
ეს მაღალი, მუქი ფერის კოშკი ნიუ-იორკის მინის ცათამბჯენების ფონზე ძალიან გამოირჩევა. 170 მეტრიანი შენობა ბრუტალიზმის სტილში აშენდა. ითვლება, რომ ის ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ს ეკუთვნის და 50 წელზე მეტია, რაც კავშირგაბმულობის ხაზებს ემსახურება, თუმცა, მისი ზუსტი დანიშნულება დღემდე უცნობია.
ერთ-ერთი ვარაუდით, უფანჯრებო ცათამბჯენში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს რადიოელექტრონული და ტექნიკური დაზვერვის ცენტრი მდებარეობს. შენობა საკმაოდ გამძლეა და შეუძლია სხვადასხვა სახის გარე ძალას გაუძლოს. შენობა გათვლილია ორი კვირის მანძილზე ავტონომურ ფუნქციონირებაზე, რაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შიგნით მყოფი 1,500 ადამიანი გარეთ გამოსვლის გარეშე, დამოუკიდებლად არსებობას შეძლებს. ცათამბჯენს საკუთარი წყლის ავზები და გენერატორები აქვს, რომლებიც 250 საათის განმავლობაში ენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
იმის გამო, რომ შენობას სპეციალური დანიშნულება ჰქონდა, მისი დაპროექტება ჩვეულებრივ არქიტექტორს ვერ ანდეს. ეს მისია ცნობილ არქიტექტორულ ბიუროს – John Carl Warnecke & Associates მიანდეს, რომელსაც მაშინ არქიტექტორი ჯონ უორნეკი ხელმძღვანელობდა. ამ ადამიანს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდა.
შენობის კედლები დაფარულია ბეტონით და შვედური წითურ-ნაცრისფერი გრანიტით. მე-10-ე და 29-ე სართულებზე მცირე სავენტილაციო ღიობები გვხვდება.
ცათამბჯენის მშენებლობა 1960-იან წლების ბოლოს დაიწყო და 1974 წელს დასრულდა. თავდაპირველად ის Long Lines-ისთვის აშენდა. ეს არის კომპანია, რომელიც საერთაშორისო საკომუნიკაციო ხაზებს ემსახურებოდა. არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც, რომლის თანახმად შენობაში ადამიანები საერთოდ არ არიან და ის სრულად ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. ამ ვერსიის მიხედვით სწორედ უფანჯრებო სახლიდან ხდება აშშ-ის დაკავშირება დანარჩენ მსოფლიოსთან.
რადგან ქვემო მანჰეტენში მიწა ძალიან ძვირი და სივრცე შეზღუდულია, შენობას 29 სართული აქვს. სავარაუდოდ, თითოეული სართულის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს, რომ მთელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა დაიტიოს.