უცხოელი არქიტექტორები, რომლებმაც თბილისს უნიკალური შენობები აჩუქეს
თბილისის შენობა-ნაგებობათა დაპროექტების ისტორიაში უცხოელ არქიტექტორებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც თბილისში გამალებული აღმშენებლობის ეტაპი იდგა, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს ევროპელი არქიტექტორები აშენებდნენ.
ამ წერილში გიამბობთ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თბილისის იერსახე შექმნეს.
ყოფილი „დიდების ტაძარი“ და დღევანდელი ეროვნული სამხატვრო გალერეა
გალერეის მშენებლობა, რომლის არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი იყო, 1890 წელს დაიწყო და 1892 წელს დამთავრდა. შენობის კეთილმოწყობის შემდეგ, 1907 წლს ესამხედრო-ისტორიული მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც „დიდების ტაძარი” ეწოდა. ფანჯრების არარსებობის გამო დარბაზი გადახურულია მინით. სახურავის ასეთი კონსტრუქციით ეს შენობა ერთი პირველთაგანი იყო თბილისში.
უზენაესი სასამართლო
1885 წელს, თბილისში ახალგაზრდა პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი ჩამოვიდა და მუშაობასაც მალევე შეუდგა. მას ეკუთვნის ქალაქის ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობები - ისლამური სახლი (1885 ), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 ), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 ), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან თანამშრომლობით 1901 ), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), კონსერვატორია (1904 ), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან თანამშრომლობით (1905 წ.) და თამამშევის საცხოვრებელი სახლი იალბუზის 18-ში (1900-1905 წწ.) და სხვ.
წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია
თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია – კათოლიკური ეკლესია თბილისში, რომელიც მეტროსადგურ მარჯანიშვილთან ახლოს, კიტა აბაშიძის № 10-ში მდებარეობს. მშენებლობა 1870 წელს დაიწყო, რომლის არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი გახლდათ. მშენებლობას კი შტაბს-კაპიტანი, ზუბალაშვილი ხელმძღვანელობდა.
კონსერვატორია
არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ მოდერნის სტილში დაპროექტებულ შენობაში 190 წლიდან ქალაქის უძველესი მუსიკალური სასწავლებელი იყო განთავსებული. 1917 წელს შენობა ახლად დაარსებულ კონსერვატორიას გადაეცა.
თბილისის საკრებულოს შენობა
საკრებულოს შენობა XIX საუკუნის 40-იან წლებშია აგებული. 1882 წელს დედაქალაქის მმართველობამ საქალაქო პოლიციისთვის აგებული შენობის გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. ამ პერიოდში არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის პროექტის მიხედვით, შენობას განაპირა მხარეები მიაშენეს. მოგვიანებით ნაგებობა კვლავ გადაკეთდა, ამჯერად მისი იერსახის ცვლა პაულ შტერნმა განახორციელა. მან ნაგებობის ცენტრალურ ნაწილს მესამე სართული დაუმატა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მშენებლობა 1880 წელს დაიწყო და 1891 წელს დამთავრდა. შენობის არქიტექტორი რუსეთის იმპერიაში მოღვაწე გერმანული წარმოშობის არქიტექტორი, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი და პროფესორი ვიქტორ შრეტერი იყო.
მწერალთა სახლი
შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული, ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო.
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის, ალექსანდრ ოზეროვის პროექტით დაიწყო. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა 1915 წელს შექმნა.
თბილისის რკინიგზის ძველი სადგური
თბილისის რკინიგზის ძველი სადგურის არქიტექტორის, გაბრიელ (გაბო) ტერ-მიქელოვის სახელს არაერთი ცნობილი თბილისური შენობის აგება უკავშირდება: სასტუმრო „მაჟესტიკი” ამჟამინდელი „მარიოტი” რუსთაველის გამზირზე; რკინიგზელთა სახლი აღმაშენებლის გამზირზე; ყოფილი რკინიგზის ტექნიკუმის შენობა, წარსულში მეწარმე მელიქ-დადაიანცის საცხოვრებელი სახლი აღმაშენებლის გამზირზე.