მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.5%-ით გაიზრდება
მსოფლიო ბანკის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.5%-ით გაიზრდება, ეს კი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამაზე მიუთითებს მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მიმოხილვა, სადაც განხილულია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა.
ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში სავარაუდოა ეკონომიკური ზრდის შენელება. განახლებული პროგნოზით, 2025-26 წლებში მოსალოდნელია 2.5%-იანი ზრდა სუსტი საგარეო მოთხოვნისა და რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელების გამო.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, გაისად კი 5%-ით. მეზობელ ქვეყნებს შორის ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა სომხეთი, რომლის ეკონომიკაც 2025 წელს 4%-ით, გაისად კი 4.2%-ით გაიზრდება. WB-ი აზერბაიჯანში წელს ეკონომიკის 2.6%-იან, 2026 წელს კი 2.4%-იან ზრდას ელოდება. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 1.4%-ით, 2026 წელს კი 1.2%-ით მოიმატებს. რაც შეეხება თურქეთს, 2025-26 წლებში მისი ეკონომიკა შესაბამისად 3.1% და 3.6%-ით გაიზრდება.