არასწორი სამეურნეო საქმიანობის შედეგად დანგრეული და დეფორმირებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, საავტომობილო გზა და სხვა კომუნიკაციები - მერაბ გონგაძე
8 აპრილს, თბილისში საავტომობილო გზის ჩანგრევამ შეგვახსენა, რომ გაზაფხული თავისი უხვნალექიანი კლიმატური ფაქტორებით მეწყრული პროცესების გააქტიურების დროა. რომელია თბილისში სტიქიის მაღალი რისკის ზონა უხვი ატმოსფერული ნალექის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის გასარკვევად გეომორფოლოგ მერაბ გონგაძეს დავუკავშირდით.
– თბილისის განაშენიანება ხანგრძლივი გეოლოგური პერიოდის მანძილზე ჩამოყალიბებულმა რელიეფმა განაპირობა, რომლის სუბსტრატს მესამეული ასაკის დანალექი და ვულკანოგენური ქანები წარმოადგენს. ქალაქის მიწისქვეშა წყლებს ცვალებადი რეჟიმი ახასიათებთ, ხოლო ქალაქის ფარგლებში ატმოსფერული ნალექების საგრძნობი ზრდა და აგრესიულობა უშუალო გავლენას ახდენს ძირითადი ქანების გამოფიტვის ინტენსივობაზე. სტაციონარული კვლევებით დადგენილია, რომ თბილისის საზღვრებში შუა ეოცენის ტუფბრექჩიების, ტუფკონგლომერატებისა და ტუფქვიშაქვებისათვის გამოფიტვის წლიური საშუალო მაჩვენებელი შეადგენს _ 0.5კგ/მ2-ზე, ზედა ეოცენის ფლიშური ქანებისათვის _ 3,79კგ/მ2-ზე, ხოლო ოლიგოცენის ქანებისათვის _ 5,3კგ/მ2-ზე, რაც საკმაოდ მაღალია ამ კატეგორიის ქანებისათვის.
ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა კომუნიკაციების დაპროექტება-მშენებლობა ურთულეს საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში მიმდინარეობს, რასაც შედეგად ფართომასშტაბიანი ეგზოდინამიკური პროცესების (მდინარეთა სიღრმითი და გვერდითი ეროზია, ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნა, მეწყრები, კლდეზვავები) განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის უკიდურესი გართულება მოსდევს. მათ შორის, აღსანიშნავია მეწყულ-გრავიტაციული და სუფოზიურ-ჯდენადი მოვლენები, მიწისქვეშა წყლებით გამოწვეული შეტბორვები, წყალმოვარდნები-დატბორვები და ხევებიდან გამოტანილი ქვატალახოვანი ღვარცოფული ტიპის ნაკადები. შედეგად, პერიოდულად ირღვევა ქალაქის ნორმალური ცხოვრების რიტმი, ექმნება საშიშროება ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას, ხდება მრავალი ნაგებობის დეფორმაცია-ნგრევა.
_ თბილისის ტერიტორიის რთულმა გეოლოგიურმა აგებულებამ, გეოდინამიკურმა თავისებურებებმა და ადამიანის არასწორმა სამეურნეო საქმიანობამ წინა საუკუნეშიც არაერთი პრობლემა შექმნა..
– თბილისის ტერიტორიის გეოლოგიური გარემოს უკიდურესმა გართულებებმა და გეოეკოლოგიურმა ცვლილებებმა კულმინაციას გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მიაღწია და XXI საუკუნეს კრიზისულ სიტუაციაში შეხვდა. ადგილი აქვს ადამიანთა მსხვერპლს, სადაც 46-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დღეისთვის თბილისის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 60-მდე მეწყრული უბანი, გრავიტაციული პროცესებით დაზიანებული ფერდობები 21კმ საერთო სიგრძით, 52 ღვარცოფული ნაკადის გამტარი ხევი და მიწისქვეშა წყლების შეტბორვის 11 უბანი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე დასახლების უბნებზე. ამ პროცესების განვითარება თანამედროვე ტექტონიკური მოძრაობებისა და ეროზიული პროცესების საერთო ფონზე ხდება, რომელთა კლასიკურ მაგალითს წარმოადგენენ მამადავითის ჩრდილო ფერდობზე არსებული კუს ტბა, მთაწმინდის პანთეონი, სოლოლაკის ხევისა და წყნეთის მრავალი მეწყრული საფეხური, ასევე მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეზე თელეთის ქედის დაბოლოება და მუხათგვერდის მეწყრული ფერდობები. მათი თითქმის 90% დაკავშირებულია ადამიანის არასწორ სამეურნეო საქმიანობასთან, რომელთა შედეგად დანგრეული და დეფორმირებულია რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი, საავტომობილო გზა და სხვა კომუნიკაციები. მაგალითად, 1974 წელს მამადავითის ფერდის არასწორი ჩამოჭრით ყოფილი აღმაშენებლის ქუჩაზე წარმოქმნილი მეწყრით დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 2003 წელს იმავე ქუჩაზე იმავე მიზეზით _ 4 ადამიანი. თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზის გლდანი-ხევძმარის მონაკვეთზე არასწორად შეფასებული საინჟინრო-გეოლოგიური პირობებისა და მშენებლობის პროცესში წარმოქმნილმა მეწყრებმა ქვეყნის ეკონომიკას რამოდენიმე მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. მუხათგვერდის სასაფლაოსთან მისასვლელი საავტომობილო გზის არასწორად დაპროექტება-მშენებლობამ გამოიწვია ძველი მეწყრული ფერდობის გამოცოცხლება, რამაც უშუალო საშიშროება შეუქმნა თვით სასაფლაოს ტერიტორიას. 1976 წელს ხევძმარის ხევის მარცხენა მხარეზე ტრამვაის ხაზის გაყვანის დროს მახათის სამხრეთ ფერდობის ძირის ჩამოჭრამ გამოიწვია ღრმა მეწყრის განვითარება, რითაც უშუალო საშიშროება შეუქმნა 16-სართულიან საცხოვრებელ სახლებს. 1980 წელს ლიბანის ქუჩაზე ფერდობის ჩამოჭრისა და გაწყლოვანების შედეგად ჩამოყალიბდა მეწყერი, რომელმაც უშუალო საშიშროება შეუქმნა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს და სკოლას, მეწყრულმა მასამ დაფარა პირველი სართული. არასწორი საინჟინრო საქმიანობით მეწყრულ-ჩამოქცევითი პროცესები წარმოიქმნა ცხვედაძის, ნუცუბიძის (1984წ), ქობულეთის შესახვევის (1986წ), პეტრე ბაგრატიონის, უიარაღოს, ზედაზენისა და ნოსტეს (1987წ) ქუჩებზე. მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე აქტიური მეწყრული დეფორმაციები აღინიშნება 1989 წელს ქვედა წყნეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1996-97 წლებში წყნეთის ახალდაბის უბანზე და გაგარინის ქუჩაზე. 2001 წელს ლოტკინის ტერასის საფეხურის ჩამოზვავების შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა და 1 ადამიანი დაიღუპა. 2003 წლიდან აქტიურ დინამიკაში იმყოფება თამარ მეფის გამზირის ცირკის მოპირდაპირე ფერდი, სადაც მეწყრის რეგრესიული განვითარების ტენდენციით უშუალოდ ემუქრება მათემატიკის ინსტიტუტის შენობებს. მდინარე ვერეს წყალმოვარდნა და ღვარცოფული ნაკადის განვითარება რამდენჯერმე მოხდა გასულ საუკუნეში, ხოლო 2015 წლის 13 ივნისს ამ კატასტროფულმა მოვლენამ ნაგებობების ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ამ ორიოდე კვირის წინ მტკვრის სანაპიროს დამცავი კედელი ჩამოინგრა ყოფილ რესტორან “მტკვართან”. ეს გამოიწვია მდინარის გვერდითი ეროზიის მიერ კედლის საფუძვლის გამორეცხვამ. ყველა ჩამოთვლილი მაგალითი მეტყველებს ადამიანის ზერელე დამოკიდებულებაზე თავისი საქმიანობის მიმართ.
ფოტო გადაღებულია 2015 წლის 13 ივნისის კატასტროფიდან ერთი კვირის შემდეგ სვანიძის ქუჩაზე.