ბიტკოინმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა
ბიტკოინის ფასმა 21 მაისის ვაჭრობაზე 109.400 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და 109.000-დოლარიანი წინა რეკორდი მოხსნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დაამყარა.
ამის შესახებ სპეციალიზებული გამოცემა CoinDesk წერს.
კერძოდ, CoinDesk Bitcoin Index-ის მიხედვით, აშშ-ის სავაჭრო სესიის დაწყებისას ყველაზე დიდმა და უძველესმა კრიპტოვალუტამ 109.486 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასი 46%-ზე მეტად გაიზარდა აპრილის იმ მინიმუმთან შედარებით, რაც გლობალურმა სავაჭრო ომმა და აშშ-ის ტარიფების გამო მზარდმა არეულობამ განაპირობა.
ახალი ისტორიული მაქსიმუმი მაშინ დაფიქსირდა, როცა ბიტკოინის საბირჟო ფონდებმა (ETF) 3.6 მლრს დოლარის სუფთა შედინება შთანთქეს, რაც ინვესტორების ინტერესის განახლების ნიშანია. ბიტკოინზე ორიენტირებული მრავალი კომპანია, მათ შორის, მაიკლ სეილორის Strategy და ახლადშექმნილი Twenty One Capital შესყიდვების სერიას შეუერთდა, რამაც ბიტკოინს ახალი რეკორდის მიღწევაში შეუწყო ხელი.
Financial Times ბიტკოინის რეკორდულ ზრდას იმ მოლოდინით ხსნის, რომ აშშ მალე ციფრული აქტივების პირველ რეგულაციებს გამოაქვეყნებს. კერძოდ, ვაშინგტონში კანონმდებლები წესებზე შეთანხმებას უახლოვდებიან, რომლებიც ნორმატიულ ბაზას სტეიბლკოინებისთვის, ანუ ციფრული დოლარის ფორმებისთვის უზრუნველყოფს, რაც გადახდებისა და კრიპტოვალუტის ბაზრებზე ვაჭრობისთვის ფართოდ გამოიყენება.