ქართული მოზაიკა - განადგურების პირას მყოფი ნამუშევრები
მოზაიკა საბჭოთა კავშირში პოპულარული მონუმენტური ფერწერის სახეობაა, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი იყო ქალაქი და სოფელი, სადაც მოზაიკური პანო არ იდგა. სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, მოზაიკა საქართველოშიც პროპაგანდის იარაღად გამოიყენებოდა, თუმცა ჩვენში ბევრია ისეთი მოზაიკური პანო, სადაც ეროვნული განწყობა სოციალისტურ შინაარსს აჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ერთიანი ესთეტიკის დამკვიდრებას ცდილობდა, ქართულ მოზაიკაში ეროვნული თემატიკა: მითოლოგიური მოტივები, ფოლკლორული სცენები, ქართული სოფლური ცხოვრება, ტრადიციული სამოსი და ნაციონალური ორნამენტიკა ხშირად ჩნდება.
მოზაიკის ქართველი ავტორები: ზურაბ წერეთელი, გივი კავსაძე, ლევან ცუცქირიძე და სხვები ხშირად არღვევდნენ ტრადიციულ კომპოზიციურ წესებს. ქართულ მოზაიკას ყოველთვის ექსპრესიულობა და ემოციური სიღრმე ახლდა.
რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში მოზაიკაში უფრო სტანდარტიზებული და იდეოლოგიზებული მოტივები ჭარბობდა (ლენინის პორტრეტები, მუშა-გლეხური სცენები), შუა აზიის რესპუბლიკებში მოზაიკა უფრო დეკორატიული და ნაკლებად ექსპრესიული იყო, საქართველოში კი ავტორის სტილი და ეროვნული ნარატივი მკვეთრად ჩანდა, რაც მას სხვა საბჭოთა მოზაიკისგან განასხვავებდა.
მოზაიკური პანო მეტროს სადგურზე „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (1979 წელი)
ავტორები: იდენ ტაბიძე, რადიშ თორდია, აპოლონ ხარებავა, თამაზ ცხომელიძე
პირველი, რაც მეტროს სადგურში „ტექნიკური უნივერსიტეტი“ თვალში მოგხვდებათ, დარბაზის ბოლოში განთავსებული მოზაიკური პანოებია. პანოების თემატიკა მათ მდებარეობასთან მჭიდრო კავშირშია - მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საგანმანათლებლო დაწესებულებები და სპორტის სასახლე. ეს მოზაიკების სახელწოდებებში — „შრომა და სწავლა“ და „სპორტი და ხელოვნება“ აისახა.
მოზაიკა პროფკავშირების კულტურის ცენტრზე (1970–71)
ავტორი: ზურაბ წერეთელი
მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი 43
ამ მოზაიკის თემა – „ადამიანი, შრომა — ყოფიერების აზრი და სილამაზე“ — ტრადიციული სოცრეალისტური სტილისგან განსხვავებულად არის გადმოცემული. კომპოზიციაში გამოყენებულია ფოლკლორული მოტივები: ცეცხლოვანი მზეები, მთვარეები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები, რომლებიც ბუნებრივ ჰარმონიაში ცხოვრობენ.
მოზაიკური პანო - „ლაგუნა ვერეს“ საწყლოსნო სპორტული კომპლექსი (1978 წელი)
ავტორი: ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი,
მისამართი: მერაბ კოსტავას ქუჩა 34
საბჭოთა კავშირში აბსტრაქტულ მხატვრობას არ წყალობდნენ — წრეები, ზოლები და ქაოსური ხაზები იდეოლოგიურ შინაარსს არ ატარებდა და ფართო მასებისთვის გაუგებარი იყო, მაგრამ საქართველოში ამ მიმართულებას მიმდევარიც და დამფასებელიც გამოუჩნდა.
„ლაგუნა ვერეს“ სახელით ცნობილი საწყლოსნო კომპლექსი თბილისის ცენტრში მდებარეობს. კომპლექსის მოზაიკა, რომელიც ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის მიერ, 1978 წელს შეიქმნა, აბსტრაქტული მონუმენტური ხელოვნების თვალსაჩინო მაგალითია. პანელი განთავსებულია ყოფილი საცურაო აუზის მთავარი შესასვლელის ზემოთ. ერთი მხრივ, ის მზის სხივებზე მოელვარე წყლის სტიქიას ასახავს, ხოლო მეორე მხრივ — ერთმანეთში გადახლართული აბსტრაქტული ზოლების კომპოზიციას.
ბარელიეფი მოზაიკით ყოფილი პოლიტგანათლების რესპუბლიკურ სახლში - ამჟამად ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“ (1978 წელი)
ავტორი: ზურაბ წერეთელი,
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი 61
მოზაიკა, რომელიც ყოფილი პოლიტგანათლების სახლის ფასადს ამშვენებს, რელიეფური ფორმებითა და ერთმანეთზე გადაჯაჭვული ორნამენტებით არქაული სიმბოლოებისა და რთული ფიგურების ერთგვარ კოქტეილს წარმოადგენს. ეს შენობა, რომელიც 1978 წელს დასრულდა, თავდაპირველად პოლიტგანათლების რესპუბლიკურ სახლს წარმოადგენდა. მისი არქიტექტორები იყვნენ ვლადიმერ აბრამაშვილი, გურამ მირიანაშვილი, სერგო მელაშვილი, გივი სალუქვაძე, ხოლო მოზაიკის ავტორი — ზურაბ წერეთელი .
საინტერესოა, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა იდეოლოგიური თემატიკის მოზაიკა ლენინის, მუშებისა და წითელარმიელების გამოსახულებებით, თუმცა საბოლოოდ არჩეული იქნა წერეთლის უფრო აბსტრაქტული და მხატვრული დიზაინი .
ეს მოზაიკა წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის ხელოვნების იმ მიმართულებას, რომელიც ცდილობდა ეროვნული იდენტობისა და თანამედროვე ფორმების შერწყმას. მისი ფერადოვანი და დინამიური სტილი განსხვავდება ტრადიციული სოციალისტური რეალიზმისგან და იმ ეპოქის მხატვრული ძიებების მრავალფეროვნებას ასახავს.
დღესდღეობით, შენობა ფუნქციონირებს როგორც ბიზნეს ცენტრი, თუმცა მოზაიკა შენარჩუნებულია და კვლავ ამშვენებს მის ფასადს. ეს ნამუშევარი წარმოადგენს არა მხოლოდ მხატვრულ, არამედ ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც ასახავს საბჭოთა პერიოდის კულტურულ და ესთეტიკურ ტენდენციებს საქართველოში.
მოზაიკა ორთაჭალის სახანძრო ნაწილზე (1979 წელი)
ავტორი: გივი კერვალიშვილი
მისამართი: ვახტანგ გორგასლის ქუჩა 34
ორთაჭალის სახანძრო ნაწილის მოზაიკა საბჭოთა პერიოდის მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. შენობაზე მდებარე მოზაიკურ პანოს ქვია „ცეცხლი სანდო ხელში“. მოზაიკაზე გამოსახული მეხანძრის უკან თბილისის ცნობილი შენობები მოჩანს: სიონისა და მეტეხის ტაძრები, ოპერისა და ბალეტის თეატრი, სპორტის სასახლე, „დინამოს“ სტადიონი, ფუნიკულიორი და რკინიგზის სადგური.
ეს მოზაიკა წარმოადგენს საბჭოთა ეპოქის ხელოვნების იმ მიმართულებას, რომელიც ცდილობდა ეროვნული იდენტობისა და თანამედროვე ფორმების შერწყმას.
შენობა, რომელზეც მოზაიკა მდებარეობს, თავდაპირველად სახანძრო სადგური იყო და დღესაც ამ ფუნქციას ასრულებს. მისი არქიტექტურა და მოზაიკა ერთად ქმნიან საბჭოთა პერიოდის ურბანული დიზაინის მნიშვნელოვან მაგალითს, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობასა და ესთეტიკას.
„რვაფეხა“ - ყველაზე ცნობილი მოზაიკური კონსტრუქცია ბათუმში (1975 წელი)
ავტორები: არქიტექტორი გიორგი ჩახავა და მოქანდაკე ზურაბ კაპანაძე
ბათუმის ყველაზე ცნობილ მოზაიკურ კონსტრუქციას, რომელსაც ზღვის ბინადრების გამოსახულება აქვს, ბათუმელები „რვაფეხასა“ და „ურჩხულსაც“ უწოდებენ. ის ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ჩახავამ და მხატვარმა ზურაბ კაპანაძემ 1975 წელს დააპროექტეს. კონსტრუქციის ექსტერიერი ფერად ნატეხებსა და ზღვისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ფორმებს მოიცავს.
ხელოვნებათმცოდნეების თქმით, იმის მიუხედავად, რომ „რვაფეხა“ საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნება და იმ დროის პროგრესული მიღწევების ნიმუშია.
ზესტაფონის ფეროს მოზაიკა (1980-იანი წლები)
ავტორი: დემურ ბაშალეიშვილი
გასული საუკუნის 80-იან წლებში დემურ ბაშალეიშვილის მიერ შესრულებული მოზაიკური პანო - ახალი ხალიბები, რომელსაც რესტავრაცია ახლახანს ჩაუტარდა და გიორგი ნიკოლაძის სკვერში განთავსდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის როლს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ხალიბები უძველესი ქართველური ტომებია, რომლებიც პირველი ლითონმწარმოებლები იყვნენ.
დემურ ბაშალეიშვილი მხოლოდ ზესტაფონში, 40-მდე მოზაიკის ავტორია. მის ნამუშევრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ქვეყნის გარეთაც შეხვდებით.
ბორჯომის პარკის მოზაიკა (1975 წელი)
ავტორი: ზურაბ წერეთელი
ბორჯომის ცენტრალურ პარკში მდებარეობს ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი მოზაიკური პანო, რომელიც 1975 წელს შეიქმნა. მოზაიკა პარკის ტერიტორიაზე, კაფე „მოზაიკას“ კედელზე მდებარეობს და ნადირობის სცენას წარმოადგენს, სადაც გამოსახულია ირემი და მონადირეები. მოზაიკა გარშემორტყმულია მწვანე ტყით, რაც კომპოზიციას სილამაზეს მატებს.
ზურაბ წერეთელი, როგორც საქართველოს კურორტების მთავარი მხატვარი ბორჯომის, გაგრის, სოხუმისა და ბიჭვინთას კურორტების არქიტექტურულ-დეკორატიული გაფორმებაში აქტიურად მონაწილეობდა. ეს უნიკალური მოზაიკა არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა, არამედ ისტორიულადაც მნიშვნელოვანია, როგორც საბჭოთა პერიოდის კულტურული მემკვიდრეობა.
სამწუხაროდ, დღეს ქართული მოზაიკების მდგომარეობა საგანგაშოა. მრავალი მონუმენტური მოზაიკა — განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის საჯარო და არქიტექტურულ ობიექტებზე განთავსებული ნამუშევრები — ბოლო წლებში განადგურდა, ან საფრთხის წინაშეა. მიზეზი სხვადასხვაა:
შენობების დანგრევა ან რეკონსტრუქცია, კომერციული ინტერესი, რომელიც არქიტექტურულ დეტალებს უგულებელყოფს, უყურადღებობა სახელმწიფოს მხრიდანდა ზოგჯერ უბრალოდ უმეცრება და გულგრილობა.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ირა დოლენკოს მიერ შესრულებული მოზაიკა თბილისში, რომელიც ფაქტობრივად განადგურდა — მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევრები მნიშვნელოვან კულტურულ და ესთეტიკურ ღირებულებას ატარებდა. ანალოგიური ბედი ეწია ბევრ სხვა კომპოზიციასაც რეგიონებში — ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.
ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობენ ინდივიდუალური აქტივისტები და პლატფორმები (როგორიცაა "საიდუმლო თბილისი", "საბჭოთა მოზაიკები" და სხვ.), რომლებიც არქივებს ქმნიან, ფოტოებით ამ დოკუმენტაციას ინახავენ და ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. თუ არ გაიზარდა საზოგადოების და სახელმწიფოს ჩართულობა, ბევრი ეს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა სამუდამოდ დაიკარგება.