თბილისში 12 980 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი - ერთ საპარკინგე სივრცეზე 60-მდე ავტომობილი მოდის
„ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის არის ზონალური პარკირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანია ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების შემცირება“. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.
„თბილისის პარკინგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 13 000-მდე საპარკინგე ადგილი უკვე არის გამოყოფილი,“ - აღნიშნა ტყემალაძემ.
უფრო კონკრეტულად, პრეზენტაციის თანახმად, 2021-2025 წლებში დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე დაემატა 8 293 საპარკინგე ადგილი, ხოლო ჯამში, ქალაქის მასსტაბით, 12 980 საპარკინგე ადგილია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ პარკირების პრობლემა ქალაქში საკმაოდ აქტუალურია. ექსპერტები ხშირად საუბრობენ, რომ თბილისში საკმარისი პარკინგის ადგილები არ არის და რეფორმის განხორციელების პარალელურად საჭიროა, მერიამ დამატებითი საპარკინგე სივრცეების გამოყოფაც უზრუნველყოს ქალაქში.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში ყოველწლიურად იზრდება რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი კვარტალის ბოლოს, თბილისში 774 868 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ საპარკინგე ადგილზე ქალაქში 60-მდე ავტომობილი მოდის.