რა შეგიძლია მოინახულო კასპში?
კასპი გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მეტრზე, თბილისიდან 48 კილომეტრში. კასპში არის რკინიგზის სადგური. ქალაქად გამოცხადდა 1959 წელს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 13 423 კაცს შეადგენს. რა შეგიძლიათ მოინახულოთ კასპში?
ქვათახევის მონასტერი
იგი XII-XIII საუკუნეების ძეგლია, ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულები მფარველობდნენ. თემურ ლენგის ლაშქრობისას, 1386 წელს, მონასტერი დაარბიეს და როდესაც ტაძარს შეფარებულმა მონაზვნება და სოფლის მცხოვრებლებმა ქრისტიანობის უარყოფაზე უარი თქვეს, ისინი ერთად გამოკეტეს და ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. მონასტრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი. ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები.
რკონის სამონასტრო კომპლექსი
სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს. XII-XIII საუკუნეებში რკონზე შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და ახლო აღმოსავლეთთან დამაკვშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა გადიოდა. ამან რკონში სამონასტრო აღმშენებლობას შეუწყო ხელი. თემურლენგის ჯარებმა, 1400 წელს, სოფელი და ირგლივ მდებარე ეკლესია-მონასტრები დაარბიეს. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი კვლავ საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში სოფელი თანდათან დაიცალა.რკონის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, თამარის ხიდი და ბერების სენაკები.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე
სასახლე სოფელ ლამისყანაში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი ბორცვის ფერდობზე, ანტიკური ხანის ნამოსახლარზე. სასახლე წარმოადგენს კომპლექსურ ნაგებობას, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ციხე-გალავანი, სასახლე, მარანი და სხვა სამეურნეო ნაგებობანი. ციხე-გალავანს მოხერხებული მდებარეობა აქვს: აქედან კარგად ჩანს ქსნის ხეობის დიდი მონაკვეთი და იქ განლაგებული სოფლები და ციხეები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს ქალაქი ახალგორი - ქსნის ერისთავების რეზიდენცია. სავარაუდოა ციხე-გალავანი ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის დაკვეთითაა აგებული (მშენებლობის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი). თარიღდება XVIII საუკუნით; XIX საუკუნეში გალავნის სამხრეთ ნაწილი სასახლის ნაგებობაში ჩაურთავთ და გადაუკეთებიათ მის ერთ-ერთ კედლად.
დრისის ჯავახაანთ ციხე
დრისის ჯავახაანთ ციხე მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანის დასავლეთით 400 მეტრზე. მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკის და სასახლისაგან. თარიღდება XI-XIII საუკუნეებით. კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ყველა ნაგებობა, გარდა ეკლესიისა, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. ჩრდილოეთით კოშკი დგას, ხოლო სამხრეთით სასახლე მდგარა, რომელიც ამჟამად საკმაოდ დანგრეულია. ეკლესია, რომელიც ციხის ზედა იარუსზე დგას, დარბაზულია და ნაგებია კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებით. ტაძარი წმ. გიორგის სახელობისაა. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. საკურთხევლის იატაკში ამოჭრილია წრიული ფორმის ღრმა, ჭურისებრი სათავსი. კომპლექსში ასევე შესულია სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.
სხვილოს ციხე
სხვილოს ციხე შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემოჭალასთან ახლოს მდებარეობს. მატიანეში ის პირველად X საუკუნეში იხსენიება. კახთა ერისთავი დაჩი და ივანე სხვილოსნებს ასახელებს კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად. XIV საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში აქ მათი რეზიდენცია იყო. XVII საუკუნიდან სხვილოს ციხე ისტორიულ წყაროებში უკვე ხშირად გვხვდება. 1629 წელს, შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა სცადა.
სხვილოს ციხე-დარბაზი შედგება შემდეგი ნაგებობებისგან: გალავანი, მთავარი კოშკი, კოშკი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, წყალსაცავი. ციხე ნაგებია რიყის ქვით. სხვილოს ციხის კომპლექსს მაღალი, სქელკედლიანი, ქონგურებიანი გალავანი აქვს შემოვლებული, რომელზეც გარედან მიშენებულია შვიდი ბურჯი.