შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი კომპლექსი კასპში - რა უნდა იცოდე?
ხოვლეს იიციხის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედან ხუთ კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით, მთის წვერზე.
ტაძარი ნაგებია ქვიშაქვის, ტუფისა და შირიმის ქვებით. დარბაზული ეკლესიაა სამხრეთის მინაშენით. თავდაპირველი წყობა ქვიშაქვის კარგად დამუშავებული კვადრებითაა ნაგები. კარის თავსართებად ტუფია გამოყენებული. შუა საუკუნეებში აღდგენის დროს პატარა ზომის ნატეხი ქვაა გამოყენებული. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს.
ტაძარს აქვს კანკელი, რომელიც თავიდან მე-11-12 სს. გაუკეთებიათ, მისგან შემორჩა ქვის პროფილირებული სვეტები და ფრამგენტი, რომელიც მინაშენის იმპოსტად გამოიყენეს. მე-14 საუკუნეში კანკელი განუახლებიათ: თაბაშირით შეულესავთ და ხეზე დამაგრებული თაბაშირისავე თაღებით დაუსრულებიათ.
კანკელის ქვედა ნაწილი ორნამენტირებულია, ზედა კი ორნამენტთან ერთად წითელი და ყვითელის საღებავითაცაა მოხატული. დასავლეთ კედელსა და საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. დასავლეთ კედელზე კარგად იკითხება იოანე ნათლისმცემლის გამოსახულება. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. სამხრეთ-დასავლეთით ნაგებობა მართკუთხა ფორმისაა. ნაგებია ნატეხი ქვით. ყრუ ფასადი დასავლეთით ქონდა. სხვა რამის თქმა ნაშალი ფენისგან გასუფთავების გარეშე შეუძლებელია.