სამშენებლო სექტორში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ხელფასები თითქმის გაორმაგდა - „თიბისი კაპიტალი“
სამშენებლო სექტორში დასაქმებულების რაოდენობა მუდმივად ცვალებადია - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სამშენებლო სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, პანდემიამდე, 2019 წელს, ამ სფეროში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. პანდემიის შემდეგ კი, დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს 5%-ით - 66 100-მდე, ხოლო 2021 წელს 3%-ით 64 ათასამდე შემცირდა. უკვე 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 65 500 შეადგინა, 2023 წელს 68 200, ხოლო გასულ წელს სექტორში ჯამში 65 400 ადამიანი მუშაობდა.
რაც შეეხება ხელფასებს, 2020 წელსაც კი, როცა დასაქმება დაბალი იყო, სახელფასო მაჩვენებელი მაინც იზრდებოდა, რაც, შესაძლოა, კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მცდელობებით აიხსნებოდა.
2019 წელს სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 642 ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის მონაცემებით, ეს მოცულობა 3 037 ლარია.
„ხელფასები თითქმის გაორმაგდა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით“ - ნათქვამია კვლევაში.