თეგებით ძიება

რა შეგიძლიათ ნახოთ მარნეულში?

მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) - ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. სახელწოდება მარნეული მოხსენებულია XVII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. მარნეულში შეგიძლიათ იხილოთ:

გაგის ციხე

გაგის ციხე მდებარეობს ქვემო ქართლში. მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. გაგის ციხე ასევე გვხვდება აღჩაყალა, აღჯაყალას (თურქ. akçakale - თეთრი ციხე) სახელწოდებითწყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში. სომეხი ისტორიკოსის - ვარდანის (XIII ს.) ცნობით ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია.

ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე. აგებული იყო ველზე ამართულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც საცხოვრებლად გამოყენებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან. გაგის ციხე საქართველოს სახელმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთში. გაგის მფლობელთაგან მოდის XII-XIII საუკუნეების ფეოდალური საგვარეულო გაგელები. XIV საუკუნის წყაროებში გაგის ციხე აღარ იხსენიება. XV საუკუნიდან კი გვხვდება უკვე აღჯაყალის სახელწოდებით.

ხორაკერტის ეკლესია

ხორაკერტის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩანახჩთან. ხორაკერტის სომხური გუმბათიანი ტაძარი აგებულია XIII ს-ში, ხორაკერტის მთავარი ტაძრიდან რამდენიმე მეტრში არის ნახევრადდანგრეული ქართული დარბაზული ეკლესია.

მთავარი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (14,60X9,95 მ), კუპელჰალეს გეგმარებითი კომპოზიციის გადამუშავებით მიღებული ჩაწერილი ჯვრის ტიპის ეკლესიაა. აქ სწორკუთხედში ჩასმულ – დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე დაგრძელებულ ჯვრის სახის ცენტრალურ სივრცეს კუთხეებში არსებული აფსიდიანი, იზოლირებული სამლოცველოები - ხორანები აქვს დამატებული. ეკლესიის ორი კარი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. ეს უკანასკნელი მაღალია. ყოველ მკლავში თითო დიდი სარკმელია. საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდს ვრცელი ბემა აკრავს და პროფილირებული შემაღლებული არდაბაგი აქვს. გუმბათქვეშა კვადარტის კუთხეები სამ-სამი მრგვალი ნახევარსვეტითაა გაფორმებული.

გორულის ნაქალაქარის კოშკი

გორულის ნაქალაქარი მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის მიმდებარედ.

ნაქალაქარი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან მათ შორის, კოშკის, ქარვასლის, აბანოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. ნინოს და ხევის ეკლესიებისგან. ეკლესიები და კოშკი ერთმანეთისგან დაშორებულია და ყველა მათგანთან დიდი ნამოსახლის ნაშთები გვხვდება. გორულის ნაქალაქარის შენობები თავისი არქიტექტურული სტილიდან გამომდინარე XVII საუკუნით თარიღდება. დათარიღებას ხელი შეუწყო ასევე წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სააღმშენებლო წარწერამ.

ნაქალაქარ გორულის ეკლესიებს შორის, მინდვრიან გორაკზე აღმართულია ხუთსართულიანი კოშკი, რომლის ზომები ქვედა კონტურში 8,5x8 მ-ია. გეგმაში სწორკუთხა მოხაზულობის ნაგებობა სიმაღლეში თანდათან ვიწროვდება. კოშკი ნაგებია მუქი, მოიასამნისფრო ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით. შესასვლელი კარი ჩრილო-დასავლეთიდან, მეორე სართულის დონეზეა განთავსებული. კოშკის კედლებში სათოფურები და სარკმლებია გაჭრილი. კოშკის ირგვლივ, უმეტესწილად ჩრდილოეთის მხარეს, მოზრდილ პერიმეტრზე ნაგებობების ნანგრევებია შემორჩენილი. ამჟამად კოშკი ძლიერ დაზიანებულია. გორულის ნაქალაქარის კოშკი XVII საუკუნის ნაგებობაა.

შულავერის ციხე

შუასაუკუნეების ნაგებობაა, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მდებარეობს. იგი გაშიშვლებულ კირქვების კლდეზეა აგებული. შემორჩენილია კლდოვანზე დაფუძნებული გალავნის კედლის მცირე ფრაგმენტები, რომელიც ზღუდავდა სამხრეთის კლდოვანი ფერდობის გარკვეულ მონაკვეთს. ციხის გრძივი ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთით უნდა ყოფილიყო განვითარებული, თუმცა დღესდღეობით გეგმაში მისი მოყვანილობა აღარ იკითხება. გალავნის ნაშთები აგურითა და ფლეთილი ქვით, კირის სქელი დუღაბითაა ნაშენი. კედლები მიწის დონიდან, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზეა დარჩენილი. შულავერის ციხეს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი: „ხეობა შულავრისა არს ლელვარის მთის წაკვრით, იმიერ და ამიერ დაბნები. შულავერი არს დაბა დიდი. ქუემორ მისსა ნაქალაქევი არს, შენობა დიდი, და წყარო ფრიად დიდი დის, ზეით მცირე ციხე“.

წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს XII-XIII საუკუნეების ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას, X საუკუნის მთავარანგელოზთა ეკლესიასა და გვიანი შუასაუკუნეების წმ. გიორგის ეკლესიას, სამრეკლოს, მარანსა და გალავანს. თავად წერაქვი საკმაოდ ძველი და ისტორიული სოფელია. წერაქვის მიდამოებში დგას შუასაუკუნეების ციხე - "დიდი მზის გული” და ციხის დარბაზული ეკლესია. წერაქვიდან იყო წარმოშობით ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - მიხეილ ჯავახიშვილი, აქვეა მისი სახლ-მუზეუმიც. 

ქვემო წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XII-XIII საუკუნეების ორნავიანი ნაგებობაა. კლდოვან მასივზე და სამხრეთის მხრიდან ხელოვნურად აგებულ მაღალ სუბსტრუქციაზეა დაფუძნებული. ეკლესიას აქვს პროფილირებული ცოკოლი. ნაგებია ჰორიზონტალური წყობის კარგად გათლილი ქვით. გვერდითა ნავი ჩრდილოეთითაა მოქცეული და პასტოფორიუმით ბოლოვდება. იგი მთავარი სივრცისგან გამოყოფილია კვადრატული განივკვეთის ორი სვეტით. სვეტებზე სამი ნახევარწრიული თაღია გადაყვანილი, რომლებიც სადად პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. სვეტის ბაზისები და იატაკი კლდეშია გამოკვეთილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა