თეგებით ძიება

რისი ნახვა შეგიძლია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში?

ნინოწმინდა - ქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ნახოთ:

ფარავანის ტბა

ფარავანი - ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამცხე ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. ერთვის მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი. ტბა მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალადასხვ.). 

ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. ფარავნის ტბის ნაპირას არის ფოკის მამათა მონასტერი, სიახლოვეს - შაორის ციხე, ხოლო ტბის აღმოსავლეთით - ფარავნის ქარვასლა.

ხანჩალის ეროვნული პარკი

ხანჩალის ეროვნული პარკი - მდებარეობს ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მოიცავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 839 ჰექტარს. დაარსდა 2011 წელს.

ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა. ჯავახეთის უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3,300 მეტრია. ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია. აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა,ნსაშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

შაორის ციხე

შაორის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ასფარასთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 2752 მეტრზე. იგი ძვ.წ. II ათასწლეულის მეგალითური კომპლექსია. შაორის ციხე ძალიან მიაგავს აბულის ციხეს, ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. კომპლექსი ორი ნაწილისაგან შედგება. „ზედა ციხე“ მდებარეობს მთის მაღალ წვერზე და ნაგებია მშრალი წყობით. ციხის კედლის ქვედა ნაწილის სისქე ზოგ შემთხვევაში 3 მეტრია, სიმაღლე კი - 5 მეტრი. შიდა სივრცეში სიმაგრეს სათავსოები აქვს მიშენებული, რომლებიც ერთ, ან ორ სართულად იყო განლაგებული. სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს.

აქვე კიბის ნანგრევები ყოფილა შემორჩენილი, რომლის მეშვეობით კედელზე ასვლა იყო შესაძლებელი. გალავნის გარეთაც, კარკნალში დარან-სამალავთა მთელი ჯგუფი გვხვდება. ზედა ციხეს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან, საიდანაც დიდი ფილაქვებით მოგებული განიერი გზა მთის დაბალი მწვერვალისკენ მიემართება, „ქვედა ციხისკენ“. ეს გზა ქვედა ციხის დასავლეთით არსებულ ვაკე ადგილზე მთავრდება. ქვედა ციხეც ციკლოპური ნაგებობაა. გზის გასწვრივ დადასტურებულ მოედნებზე რამდენიმე მენჰირი ყოფილა აღმართული. ქვედა ციხიდან მთის ფერდზე ბილიკი ეშვება, მთის ძირთან ბილიკი ფართოვდება და კვლავ ქვებით მოგებულ გზად გარდაიქმნება. მთის ძირში ნამოსახლარის კვალი დადასტურდა. სოციალური თვალსაზრისით რას წარმოადგენდა შაორი და აბული გამოსაკვლევია, თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა ისინი მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ. სიმაგრეები შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს.

აბულის ციხე

აბულის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძანთან ახლოს, პატარა აბულის მთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2670 მეტრზე. ძეგლი ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება.

იგი ციკლოპური ციხეა, ნაგებია მშრალი წყობით, დაუმუშავებელი ქვებით, წყობაში გვხვდება ძალიან დიდი ზომის ქვებიც. აბულის ციხე ძალიან წააგავს შაორის სიმაგრეს - ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები, თუმცა აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. ნაგებობა გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. პატარა აბულის სამხრეთი კალთა, რომელზეც ციხე მდებარეობს, მორენებითაა დაფარული. ბუნებრივი პირობებით უსარგებლიათ სიმაგრის აშენებისას და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. შორიდან ეს სამალავები ფაქტობრივად შეუმჩნეველია, რადგან საერთო ქვიანი მასებისგან არ განირჩევა. ცენტრალური ნაგებობა შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. კედლების სიმაღლე 5 მეტრამდეა, სიგანე კი ზოგან 3 მეტრს აღწევს. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა - მომრგვალებული. ციხე გამაგრებულია კონტრფორსებით. შესასვლელი ორია - სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებულია 40-მდე სადგომი, ზოგან ორ-სამ სართულად.

აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები და გალავნის შიგნითა სათავსები გვხვდება, როგორც წრიული, ასევე სწორკუთხა გეგმარების. სადგომებს გადახურვა შემდეგნაირია: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია. აბულის ციხის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც ციხე-კომპლექსის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა.

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას.

მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს. ტაძარი XI საუკუნის 30-40-იან წლებში აუშენებია ქართლის კათალიკოსს იოანე ოქროპირს, ხუროთმოძღვარი კი მიქელ „ქართლისა ბანაქასალარი“ - სავარაუდოდ ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი უნდა ყოფილიყო. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჟამთა სვლის გამო ძლიერ დაზიანებული ტაძრის აღდგენა.

ფოკის დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა. მონაზვნები ადგილობრივ ბავშვებს ასწავლიან ქართულს, ინგლისურს, მუსიკას და ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვივებას ამ მხარეში. მონასტერთან ასევე ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, სადაც მონაზვნები სოფლის მცხოვრებთ უსასყიდლოდ მკურნალობენ.

საღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარეობს.

ტაძარი აგებულია X ს-ში. ძეგლი საკმაოდ დაზიანებული იყო, ჩაქცეული იყო კამარები და კედლების უმეტესი ნაწილი სარკმლების დონეზე იყო შემორჩენილი, ამჟამად ტაძარი აღდგენილია, მოხდა მისი რესტავრაცია-კონსერვაცია, რა დროსაც ეკვდერის ნაწილი მინით გადაიხურა, რათა ვიზუალური თვალსაზრისით შენარჩუნებულიყო თავდაპირველი ტაძრის სამხრეთი კარის მორთულობა. ეკვდერის კონქის საყრდენი თაღის სამხრეთ მხარეს ადამიანის რელიეფური ფიგურა გვხვდება. მინაშენის სამხრეთ ფასადზე მაღალი რელიეფით შესრულებული ორი ქანდაკებაა, ამჟამად ორივე დაზიანებულია, ორივეს ჩამომტვრეული აქვს თავი.

ეკვდერის აღმოსავლეთ სარკმელი ორნაწილიანია და ოვალისა და მის ქვეშ განთავსებული პატარა წრიული ღიობისგან შედგება. ამ სარკმელს იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვისა და ამონთხევის ამსახველი რელიეფი ამკობს. საღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესიასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ განვითარებული შუა საუკუნეების ორი ბაზილიკა და საღამოს ტბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა