ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ვადა 2 წლით, ბიუჯეტი კი 50 მილიონით გაიზარდა - როგორია შედეგები?
ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2027 წლამდე გახანგრძლივდა, ჯამური ბიუჯეტი კი 50 მილიონი ლარით გაიზარდა და 150 მილიონი ლარია. ამის შესახებ bm.ge-ს ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განუცხადეს.
საქმე ისაა, რომ 4-წლიანი სახელმწიფო პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ 2022 წელს დაიწყო და შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო. დაგეგმილი იყო 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სრულად ჩანაცვლება 3000-ზე მეტი ოჯახისთვის. ცნობილია, რომ პროგრამის ფარგლებში რიგი ხელშეკრულებების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, ამიტომ bm.ge დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროგრამა და რამდენად სრულდება მიმდინარე წელს.
"პროგრამა მიმდინარე წელს არ სრულდება, დღევანდელი მონაცემებით გრძელდება 2027 წლამდე",- განაცხადეს ა(ა)იპ-ში.
სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით მშენებლობა სრულად დასრულდა 5 მისამართზე. სულ 171 მესაკუთრეზე გაცემულია 255 საცხოვრებელი ბინა. ამასთან, გამაგრების სამუშაოები დასრულებულია 20 მისამართზე.
რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ავარიული სახლების დემონტაჟისა და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 3 მისამართზე, კერძოდ:
ქალაქ ბათუმში სელიმ ხიმშიაშვილის N 94-96-ში შენდება ახალი 8 სართულიანი საცხოვრებელი ბინა. კორპუსში განლაგდება 182 ერთეული საცხოვრებელი ბინა. ამ ეტაპზე დასრულებულია სამშენებლო ნაწილი და მიმდინარეობს გარე და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხორციელდება ბათუმში, კერძოდ მაიაკოვსკის N 3ა-ში, სადაც განლაგდება 64 ერთეული საცხოვრებელი ბინა. დღეის მდგომარეობით კორპუსის სამშენებლო ნაწილი დასრულებულია და მიმდინარეობს გარე და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
აგრეთვე ე.წ "შანხაის დასახლებაში" შენდება სოციალური სახლი. აშენდება ორი 8 სართულიანი კორპუსი, სულ 324 ბინა. დღეის მდგომარეობით დასრულებულია ერთი კორპუსის სამშენებლო ნაწილი და მიმდინარეობს გარე და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. უხლოეს პერიოდში დაიწყება მეორე კორპუსის მშენებლობა.
გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს სამ მისამართზე: 26 მაისის N 78-ში, მიხეილ ლერმონტოვის ქ. N96დ-ში და პეტრე ბაგრატიონის ქ. N111-ში.
აღსანიშნავია, რომ გარდა ვადებისა, კორექტირება შევიდა პროგრამის ბიუჯეტშიც. კერძოდ, როდესაც პროგრამის განხორციელება დაიწყო, 2022 წლიდან, თავდაპირველად ბიუჯეტი შეადგენდა 80 მილიონ ლარს, მოსახლეობის მომართვიანობიდან და ექსპერტიზის დასკვნების საფუძვლიდან გამომდინარე 2023 წელს ბიუჯეტი გაიზარდა 100 მილიონ ლარამდე, ხოლო 2025 წელს კი პროგრამის საერთო ბიუჯეტმა 150 მილიონი ლარი შეადგინა.