5 თვეში საქართველომ $12 მლნ-ის ლიფტები შეიძინა - სად ვყიდულობთ ლიფტებს და სკიპურ საწეველებს?
მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში ლიფტებისა და სკიპური საწეველების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში ქვეყანაში 12 მლნ დოლარამდე ღირებულების 3 563 ტონა ლიფტები შემოვიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 2 158 ტონა საქონლის ღირებულება 7 მილიონ 767 ათასი დოლარი იყო.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ლიფტები და სკიპური საწეველები ძირითადად ჩინეთიდან შემოდის. ლიფტების TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- ჩინეთი - $6.3 მლნ, 2 083 ტონა;
- თურქეთი - $4.3 მლნ, 1 222 ტონა;
- ტაილანდი - $739 ათასი, 113 ტონა;
- საბერძნეთი - $180 ათასი, 49 ტონა;
- ესპანეთი - $130 ათასი, 16 ტონა;
2025 წლის 5 თვეში ლიფტები მცირე მოცულობებით არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ნიდერლანდებიდან და ინდონეზიიდანაც შემოვიტანეთ.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ლიფტების იმპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წელს ამ მხრივ რეკორდული რაოდენობის იმპორტი განხორციელდა და ქვეყანამ 25 მილიონ 471 ათასი დოლარის ღირებულების 7 505 ტონა ლიფტები შეიძინა. მთავარი მომწოდებელი წლიურ ჭრილშიც ჩინეთი იყო.