საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა - 69.2%-ით არის გაზრდილი ქარის სადგურების გენერაცია
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 11.2%-ით შემცირდა და 1 343 გვტ. საათი შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, მხოლოდ ივნისში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება წლიურად 11.8%-ით, 1 328 გვტ. საათამდე შემცირდა, ქარის სადგურების გამომუშავება გაიზარდა 69.2%-ით და 9 გვტ. საათს გაუტოლდა, თბოგენერაცია კი მინიმალური, 6 გვტ. საათი იყო.
რაც შეეხება მოხმარებას, მხოლოდ ივნისში საქართველომ 1 061 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 3.5%-იანი შემცირებაა.
„ძირითადი მიზეზი შედარებით გრილი ამინდი და შესაბამისად, გაგრილებაზე შემცირებული მოთხოვნაა. საცალო მოხმარება 619 გვტ. საათს გაუტოლდა (-4.3 წ/წ), მსხვილმა მომხმარებლებმა 298 გვტ. საათი მოიხმარეს (+2.1 წ/წ), ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 143 გვტ. საათს გაუტოლდა (-10.6% წ/წ).
ამასთანავე, 2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 9.7%-ით, 6 626 გვტ. საათამდეა შემცირებული. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარებამ 6 915 გვტ. საათი შეადგინა (+2.4 წ/წ)“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.