მე-2 კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო - „გალტ ენდ თაგარტი“
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევიდან ვიგებთ.
„2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველომ 1.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 5.0%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (+26.0% წ/წ), რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება. ამასთან, შემოსავლები შემცირდა რუსეთიდან (-20.5% წ/წ) და თურქეთიდან (-10.7% წ/წ). რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, ვიზიტორთა პროფილის ცვლილებას უკავშირდება – გრძელვადიანი ვიზიტორები (ციფრული ნომადები, მიგრანტები) შედარებით მოკლევადიანმა ჩაანაცვლა, რომელთა საშუალო დანახარჯიც მე-2 კვარტალში უფრო ნაკლები იყო.
ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+3.8% წ/წ), რაც ევროკავშირიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდებოდა.გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა, მე-2 კვარტლის დინამიკის გაგრძლების შემთხვევაში, ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი 4.6 მლრდ დოლარია“, - აღნიშნულია ანალიზში.